ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას ტვიტერზე ეხმაურება და ინტერესდება, "რა ჯანდაბას აკეთებს ევროკავშირის დროშა" ამ ინტერვიუს გადასაღებ ადგილას.

"განსაკუთრებით კანონის უზენაესობის გროტესკულად დარღვევის შემდეგ, რომელიც აქ არის აღწერილი, ჩემი კითხვაა, რა ჯანდაბას აკეთებს ევროკავშირის დროშა ამ ინტერვიუს გადაღების დროს?", — დაწერა ილვესმა ტვიტერზე.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 12 მარტს რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე ყოფილ პრემიემინისტრ გიორგი გახარიასა და გუნდს შორის პოზიციები 17 თებერვლის 5 საათამდე იდენტური იყო, თუმცა 5 საათის შემდეგ გახარიამ პოზიცია "უცბად შეიცვალა".

მისი ეს განცხადება კობახიძემ 14 მარტს განმარტა და თქვა, რომ მელიას დაპატიმრება-არ დაპატიმრებასთან დაკავშირებით პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბება და მსჯელობა სჭირდებოდათ.