შესაძლოა, გახსოვთ, ჯეიმს კამერონმა Avengers-ს ტიტანიკის რეკორდის "ჩაძირვა" რომ მიულოცა, თუმცა ორ წელზე ნაკლებ დროში თვითონ გაუხდა ისევ მოსალოცად საქმე.

2019 წელს Avengers: Endgame (შურისმაძიებლები: დასასრული) $2,7902-მილიარდიანი მსოფლიო შემოსავლებით ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა. ამით მარველის ბლოკბასტერმა ჯეიმს კამერონის ავატარის რეკორდი გააუმჯობესა, რომლის იმდროინდელი შემოსავლებიც $2,7897 მილიარდს უდრიდა.

თუმცა, სულ ახლახან ავატარი ჩინეთის კინოთეატრებში დაბრუნდა, რამდენიმე დღეში დამატებით $3,5 მილიონის შემოსავლები დააგროვა და მოულოდნელად 2021 წელს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმის სტატუსი დაიბრუნა.

ჯეიმს კამერონს და მის შემოქმედებით გუნდს ეს წარმატება მარველმა სულგრძელად მიულოცა.

აღსანიშნავია, რომ ავატარი 2009 წელს კინოსტუდია 20th Century Fox-მა გამოუშვა, რომელიც მოგვიანებით დისნეიმ შეიძინა ისევე, როგორც მარველის კინოსტუდია, შესაბამისად, ორივე ფილმს ამჟამად დისნეი ფლობს. მეტიც, ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმიდან რვა დისნეის საკუთრებაა.

ჯეიმს კამერონმა ცოტა ხნის წინ ავატარის მეორე ნაწილზე დაასრულა მუშაობა, შესაბამისად, ვინ იცის, წინ კიდევ რამდენი მწვერვალის დაპყრობას გეგმავს.