ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ქართული ოცნების მიერ გაკეთებული განცხადება "არანორმალურია" და დღეს ამის გამოსწორებას ცდილობენ. ამის შესახებ ხაზარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"დღეს ჩვენ აქ ვართ რომ ბატონი [ირაკლი] კობახიძის გაფუჭებული საქმე გამოსწორდეს, რადგან გუშინ რა განცხადება გაკეთდა, არის არანორმალური. არ შეიძლება ასე ცალმხრივად მაგიდის აყირავება, მოლაპარაკების გაჩერება, მით უმეტეს როცა ამ დონის მედიატორები არიან ჩართულები", — აღნიშნა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან.

14 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრემიერი ბრიუსელში მსხვილი პაკეთით მიდის, ხოლო ოპოზიცია ცარიელი ხელებით არის დარჩენილი.

კრისტიან დანიელსონმა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრები დღესაც გააგრძელა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი საქართველოში იქამდე დარჩება, სანამ შეთანხმება არ შედგება.