ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ის ერთ-ერთი პირველი ადამიანია საქართველოში, ვინც Covid-19-ზე აიცრა.

კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძეც.

აცრა უკვე გაიკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ. ის საქართველოში პირველი ადამიანია, ვინც კორონავირუსზე აიცრა.

დღესვე, იგეგმება იმ ექიმების აცრაც, რომლებიც პანდემიის პერიოდში მედიასთან კორონავირუსთან დაკავშირებით საუბრობდნენ. სავარაუდოდ, ამის მიზანი კოლეგებისთვის მაგალითის მიცემაცაა.

ვაქცინაციისთვის ქვეყანაში შერჩეულია 82 დაწესებულება, თუმცა პირველ ეტაპზე პროცესი 29 ცენტრში დაიწყება და კვირის განმავლობაში ახალი ამცრელი პუნქტები დაემატება.

საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა შაბათს, 13 მარტს შემოვიდა და ის განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის. შემდეგი ეტაპი იქნება მოხუცთა თავშესაფრებში მცხოვრები ადამიანების აცრა, ამის მერე კი, რისკჯგუფების ვაქცინაცია დაიწყება. გადანაწილება თავდაპირველად დიდ ქალაქებში მოხდება.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 11 მარტს განაცხადა, რომ საწყის ეტაპზე აიცრება 43 200 ადამიანი და რადგან ეს ვაქცინა 2 დოზით კეთდება, მეორე დოზას აცრილები გაიკეთებენ მაშინ, როცა დამატებითიც შემოვა. მისი თქმით, იციან დროის მონაკვეთი, როცა გარანტირებულად მიიღებენ მეორე დოზებს და აქვთ დასტური, რომ შემოტანა გარანტირებულად მოესწრება.

გაიგეთ მეტი: