სახალხო დამცველი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან მხარეების უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმებისკენ მოუწოდებს.

"შეთანხმება უნდა შედგეს! ძვირფასო ხელისუფლებავ და ოპოზიციავ, ხალხი გიყურებთ და გელოდებათ! ხალხი, რომელსაც უნდა განვითარება, რეფორმები, სტაბილურობა, მომავლის რწმენის დაბრუნება! ისაუბრეთ და შეთანხმდით! ამდენ ჯანჯღარს, სტაგნაციას და პოლარიზაციას ეს ქვეყანა ვეღარ უძლებს!", — წერს ომბუდსმენი თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე.

დანიელსონთან მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეხვედრები დღეს ისევ უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც შარლ მიშელის წარმომადგენელმა თბილისში ვიზიტი ერთი დღით გადადო. მისი თქმით, ის იმედოვნებდა, რომ შეთანხმების მიღწევის შესახებ დღეს განაცხადებდა.

დანიელსონი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველ მარტს გაიმართა. შეხვედრაზე პოლიტიკური დიალოგის განახლების 6-პუნქტიან გეგმაზე იმსჯელეს.

მას შემდეგ, რაც სავრაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული ჩანაწერი გავრცელდა, მოლაპარაკების გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ოპოზიციის ნაწილმა მოითხოვა, რომ ღარიბაშვილი მოლაპარაკებებს აღარ დაესწროს, თუმცა ოპოზიციის საერთო შეხვედრის შემდეგ პარტიებმა განაცხადეს, რომ მმართველ გუნდს მოლაპარაკების ჩაშლის საბაბს არ მისცემენ.

გაიგეთ მეტი: