ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოდან გამგზავრება ერთი დღით გადადო, რათა მისი თქმით, მხარეებს პოზიციების დაახლობაში დაეხმაროს და შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდეს.

"ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ და იმისთვის, რომ პროცესი კიდევ უფრო წინ წავიდეს, გადავწყვიტე ხვალაც დავრჩე თბილისში. გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ. დღეს უკვე ყველა მხარე ძალიან ჩართულად მუშაობდა ამ პროცესში. მუშაობას ხვალაც გავაგრძელებთ. მხარეებზეა დამოკიდებული, რომ მივიდნენ შეთანხმებამდე", — განაცხადა დანიელსონმა დღის ბოლოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეხვედრების დასრულების შემდეგ.

დანიელსონი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველ მარტს გაიმართა. შეხვედრაზე პოლიტიკური დიალოგის განახლების 6-პუნქტიან გეგმაზე იმსჯელეს.

მას შემდეგ, რაც სავრაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული ჩანაწერი გავრცელდა, მოლაპარაკების გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ოპოზიციის ნაწილმა მოითხოვა, რომ ღარიბაშვილი მოლაპარაკებებს აღარ დაესწროს, თუმცა ოპოზიციის საერთო შეხვედრის შემდეგ პარტიებმა განაცხადეს, რომ მმართველ გუნდს მოლაპარაკების ჩაშლის საბაბს არ მისცემენ.

გაიგეთ მეტი: