წელს, გაერთიანებულ სამეფოში, 14 მარტს დედის დღე აღინიშნება. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, ინტერნეტსივრცეში არაერთი ცნობილი ადამიანის მიერ გამოქვეყნებული დედის მოსაგონარი პოსტი გავრცელდა, მათ შორის, პოლ მაკარტნის.

მიუხედავად ამისა, ინტერნეტმომხმარებლებისთვის ყველაზე ემოციური მაინც კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერგოცინიას მიერ გავრცელებული ფოტოები გახდა, რომლებზეც პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის შვილების მისალოცი ბარათებია გადაღებული.

თუმცა, მისალოცი ბარათები არა ქეითს, არამედ "ბებია დაიანას" ეძღვნება.

"ყოველწლიურად, დედის დღეს, ჯორჯი, შარლოტი და ლუი მისალოც ბარათებს აკეთებენ ბებიის, დაიანას მოსაგონრად", — წერია სამეფო ოჯახის ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში.

"ძვირფასო ბებია დაიანა,

გილოცავ დედის დღეს. ძალიან მიყვარხარ და ყოველთვის შენზე ვფიქრობ.

სიყვარულით, ჯორჯი".

მისალოცი ბარათი გააკეთა 5 წლის პრინცესა შარლოტმაც, რომელმაც დედის დღის მილოცვასა და სიყვარულით მოკითხვასთან ერთად, ბებიას მისწერა, "მამას ენატრებიო".

კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ყველაზე უმცროსმა შვილმა, ორი წლის ლუიმ კი პრინცესა დაიანას გული დაუხატა და ბარათი სტიკერებით გაუფორმა.

როგორც პრინცმა უილიამმა წინათ განაცხადა, დაძინებამდე იგი თავის შვილებს "ბებია დაიანაზე" უყვება. ჟურნალისტ ტალია ლაკრიცის თქმით, დედის დაღუპვის შემდეგ იგი დაიანას ხსოვნისთვის ყველაფერს აკეთებს.

აღსანიშნავია, რომ პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა მათ ქორწილშიც მიუძღვნეს მოსაგონარი სიმღერა უილიამის და ჰარის დედას. ასევე, პრინცესა შარლოტის მეორე სახელი დაიანაა.