პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციის მხრიდან ნაბიჯების გადადგმა კიდევ არის საჭირო. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ ქართულ ოცნებას სამართლიანი შეთავაზებები აქვს გაკეთებული.

"ჩვენ გვაქვს სამართლიანი შეთავაზებები გაკეთებული და ვფიქრობთ, რომ ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა, რათა შეთანხმება შედგეს, ვინაიდან ამ შეთანხმების გადაწყვეტის მთავარი გზა არის მხარეებმა გადადგან ნაბიჯები და არა მხოლოდ ხელისუფლებამ მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება", — განაცხადა თალაკვაძემ.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე ყველა ის საკითხი განიხილეს, რომელიც დიალოგსა და შესაძლო შეთანხმებას უკავშირდება, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეული ისევ არ არის.

კრისტიან დანიელსონი მესამე დღეა მხარეებთან შეხვედრებს მართავს. ის ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე ხვდება.

დანიელსონი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველ მარტს გაიმართა. შეხვედრაზე პოლიტიკური დიალოგის განახლების 6-პუნქტიან გეგმაზე იმსჯელეს.

მას შემდეგ, რაც სავრაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული ჩანაწერი გავრცელდა, მოლაპარაკების გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ოპოზიციის ნაწილმა მოითხოვა, რომ ღარიბაშვილი მოლაპარაკებებს აღარ დაესწროს, თუმცა ოპოზიციის საერთო შეხვედრის შემდეგ პარტიებმა განაცხადეს, რომ მმართველ გუნდს მოლაპარაკების ჩაშლის საბაბს არ მისცემენ.

გაიგეთ მეტი: