ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე ყველა ის საკითხი განიხილეს, რომელიც დიალოგსა და შესაძლო შეთანხმებას უკავშირდება, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეული ისევ არ არის. კობახიძის თქმით, დისკუსიები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგაც გაგრძელდება.

"განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც უკავშირდება დიალოგს და შესაძლო შეთანხმებას. წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით, თუმცა გაგრძელდება დისკუსიები, პრემიერის ვიზიტის შემდეგაც. საკითხები დამატებით შეთანხმებას/დაზუსტებას საჭიროებს და ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს", — განაცხადა კობახიძემ.

კრისტიან დანიელსონი მესამე დღეა მხარეებთან შეხვედრებს მართავს. ის ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე ხვდება.

დანიელსონი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველ მარტს გაიმართა. შეხვედრაზე პოლიტიკური დიალოგის განახლების 6-პუნქტიან გეგმაზე იმსჯელეს.

მას შემდეგ, რაც სავრაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული ჩანაწერი გავრცელდა, მოლაპარაკების გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ოპოზიციის ნაწილმა მოითხოვა, რომ ღარიბაშვილი მოლაპარაკებებს აღარ დაესწროს, თუმცა ოპოზიციის საერთო შეხვედრის შემდეგ პარტიებმა განაცხადეს, რომ მმართველ გუნდს მოლაპარაკების ჩაშლის საბაბს არ მისცემენ.

გაიგეთ მეტი: