ყველაზე პოპულარული სამედიცინო დრამის, გრეის ანატომიის, მეჩვიდმეტე სეზონის მეშვიდე სერია სულ რამდენიმე დღის წინ გამოვიდა. სეზონში ასახული კორონავირუსის ეპიდსიტუაციის და პატრიკ დემპსის დაბრუნების შემდეგ, შეიძლება, იფიქროთ, რომ სიურპრიზები ამით დამთავრდა, თუმცა, ასე ნამდვილად არ არის.

სერიალში, რომელიც უკვე 16 წელია, მაყურებელს ეკრანებთან აჯაჭვავს, მალე კიდევ ერთი საყვარელი პერსონაჟი, ექიმი კეპნერი დაბრუნდება.

მსახიობ სარა დრიუს პროექტში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია ვებგამოცემა Deadline-მა გაავრცელა. მათივე ცნობით, მე-17 სეზონში, შესაძლოა, სხვა პერსონაჟების დაბრუნებაც ვიხილოთ.

როგორც გრეის ანატომიის აღმასრულებელმა პროდიუსერმა, კრისტა ვერნოფმა აღნიშნა, მაყურებლისთვის ნაცნობი და საყვარელი სახეების ეკრანზე გამოჩენის "დიდი შანსები" არსებობს.

დრიუმ სერიალი 2018 წელს, მეთოთხმეტე სეზონის ბოლოს დატოვა. გრეი-სლოუნის კლინიკაში იგი ექიმ-ტრავმატოლოგ ეიპრილ კეპნერის როლს ასრულებდა. პერსონაჟს თავის კოლეგასთან, ექიმ ჯექსონ ეივერისთან შვილიც ჰყავდა, თუმცა, ბოლოს ვნახეთ, რომ იგი მეთიუზე დაქორწინდა და სამსახური დატოვა. ეს გადაწყვეტილება ყველაზე მოულოდნელი ალბათ სერიალის ფანებისთვის აღმოჩნდა, რომელთა უმეტესობაც ექიმ კეპნერს ჯექსონთან "შიფავდა".

გრეის ანატომიის მე-17 სეზონი გასული წლის ნოემბერში დაუბრუნდა ეკრანებს. სეზონი სამ ნაწილადაა გაყოფილი და მთლიანობაში 18 სერიას მოიცავს. მიუხედავად ამისა, მე-18 სეზონის ბედი გაურკვეველია და ვერნოფის თქმით, შესაძლოა, სერიალი 16-წლიანი ისტორიის შემდეგ დასრულდეს.