პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის მსგავსად ისიც აცხადებს, რომ სამართლიანი პრინციპების გარშემო ოპოზიციასთან შეთანხმება მიღწევადია.

"ძალიან მშვიდი და საქმიანი საუბარი იყო დღეს და ეს ნამდვილად პრივილეგია საქართველოსთვის, რომ ევროკავშირის მხრიდან ასეთი მაღალი და კომპეტენტური წარმომადგენლობა არის ამ დიალოგში. ვფიქრობ, რომ სამართლიანი პრინციპების გარშემო შეთანხმება მიღწევადია და თუ ოპოზიციაც ამ რეალური გადმოსახედიდან შეაფასებს შეთანხმების შესაძლებლობას, იმედი მაქვს, რომ შევძლებთ შეთანხმებას. დღეს კიდევ გაიმართება შეხვედრები და დღის ბოლომდე ვფიქრობ, გამოიკვეთება შესაძლებლობა, რომ ჩვენ შევთანხმდეთ და პოლიტიკურ თანხმობას მივაღწიოთ", — განაცხადა თალაკვაძემ.

კრისტიან დანიელსონი მესამე დღეა მხარეებთან შეხვედრებს მართავს. ის საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველ მარტს გაიმართა. შეხვედრაზე პოლიტიკური დიალოგის განახლების 6-პუნქტიან გეგმაზე იმსჯელეს.

მას შემდეგ, რაც სავრაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული ჩანაწერი გავრცელდა, მოლაპარაკების გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ოპოზიციის ნაწილმა მოითხოვა, რომ ღარიბაშვილი მოლაპარაკებებს აღარ დაესწროს, თუმცა ოპოზიციის საერთო შეხვედრის შემდეგ პარტიებმა განაცხადეს, რომ მმართველ გუნდს მოლაპარაკების ჩაშლის საბაბს არ მისცემენ.

გაიგეთ მეტი: