ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე აცხადებს, რომ მათ მელიას დაპატიმრება-არ დაპატიმრებასთან დაკავშირებით პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბება და მსჯელობა სჭირდებოდათ.

"წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ მმართველი პარტია და იცით, რომ ერთ საათში იმართება სასამართლო პროცესი, სადაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება პოლიტიკოსის პატიმრობის ან არაპატიმრობასთან დაკავშირებით. წინასწარ იმსჯლებეთ თუ არ იმსჯელებთ ამაზე. რა თქმა უნდა, წინასწარ იმსჯელებთ ამაზე. დანარჩენი არის სპეკულაციები. არ შეიძლება, რომ ასეთი მარტივი საკითხებიდანაც ვიღაცამ გამოაცხოს სპეკულაციები.

ჩვენ ვიცოდით, რომ ან მიიღებდა დაპატიმრების ან არ დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილებას და ბუნებრივია, ორივე ვარიანტთა დაკავშირებით ჩვენ გვჭირდებოდა პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბება. თუ სასამართლო არ დაპატიმრების თაობაზე მიიღებდა გადაწყვეტილებას, ამასაც შეიძლება დასჭირვებოდა ჩვენი მხრიდან პოლიტიკური განცხადების გაკეთება. რაც შეეხება დაპატიმრების თაობაზე გადაწყვეტილებას იქ სხვა რეაგირება იყო, ბუნებრივია", — განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ 12 მარტს რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე ყოფილ პრემიემინისტრ გიორგი გახარიასა და გუნდს შორის პოზიციები 17 თებერვლის 5 საათამდე იდენტური იყო, თუმცა 5 საათის შემდეგ გახარიამ პოზიცია "უცბად შეიცვალა".