ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე ყოფილ პრემიემინისტრ გიორგი გახარიასა და გუნდს შორის პოზიციები 17 თებერვლის 5 საათამდე იდენტური იყო, თუმცა 5 საათის შემდეგ გახარიამ პოზიცია "უცბად შეიცვალა". ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა,

"ამასთან დაკავშირებით გვქონდა ჩვენ სერიოუზლი აზრთა სხვადასხვაობა. გვქონდა პრინციპული წინააღმდეგობა, 17 თებერვლის 5 საათამდე მისი პოზიციები იყო იდენტური, რაც ჰქონდათ გუნდის სხვა წევრებს, თუმცა სამწუხაროდ, რატომღაც 5 საათზე ეს პოზიცია შეიცვალა. მე ვერ გეტყვით [რა მოხდა], უცბად შეიცვალა ეს პოზიცია.

ეს ზუსტად გვახსოვს, იმიტომ, რომ იყო გარკვეული კომუნიკაცია ტექნიკური საშუალებებით და დაახლოებით, ეს დრო იყო, როდესაც ეს კომუნიკაცია შედგა, როცა პირველად წარმოიშვა ეს საკითხი. [გახარიას მხრიდან] თავდაპირველად დაფიქსირდა პოზიცია, რომ უნდა გადადებულიყო ეს ოპერაცია და შემდეგ საუბარი იყო ორი დღით გადადებაზე, რაც იყო ჩვენთვის გაუგებარი. [გახარიას] არგუმენტი იყო ის, რომ თითქოს ნაკლები იქნებოდა ადამიანების კონცენტრაცია ორი დღის შემდეგ", — თქვა მან.

კობახიძის თქმით, გახარიასთან კომუნიკაცია გადადგომამდე 10 წუთით ადრე ჰქონდა, თუმცა გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდა. იგი ამბობს, რომ გახარიას გადადგომის შესახებ ტელევიზიით შეიტყო.

23 თებერვალს, სპეცრაზმმა ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავები პარტიის ოფისში გამთენიისას გამოჩნდნენ — რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

სპეცრაზმი შენობაში შევიდა როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. თავდაპირველად, მათ პირველ სართულზე მყოფი ადამიანები გამოიყვანეს, მოგვიანებით კი, ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა. მათ ოთახში გამოიყენეს გაზიც. შსს-ს ინფორმაციით, მელიას გარდა, დღეს 21 ადამიანი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

თავდაპირველად, ნიკა მელიას დაპატიმრება ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის გამო გადაიდო. გადადგომა გახარიამ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.