პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის აზრით, დროა პოლიტიკა პარლამენტში დაბრუნდეს.

"ვფიქრობ, დროა პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა. დროა, რომ ჩვენ ერთად მოვძებნოთ გადაწყვეტილებები იმ პრობლემებთან საპირისპიროდ, რომელიც დღეს აქვს საზოგადოებას. როგორც სახელისუფლებო გუნდს და როგორც სახელისუფლებო გუნდი, ჩვენ ვართ ძალიან ძალიან მოტივირებულები, რომ დროულად დავხუროთ ეს პოლიტიკური პრობლემა, რომელიც არსებობს და გადავერთოთ სწრაფად მთელი ძალისხმევით იმ საკითხებზე, რომელიც აწუხებს საზოგადოებას", — განაცხადა თალაკვაძემ.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველ მარტს გაიმართა. შეხვედრაზე პოლიტიკური დიალოგის განახლების 6-პუნქტიან გეგმაზე იმსჯელეს.

მას შემდეგ, რაც სავრაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული ჩანაწერი გავრცელდა, მოლაპარაკების გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ოპოზიციის ნაწილმა მოითხოვა, რომ ღარიბაშვილი მოლაპარაკებებს აღარ დაესწროს, თუმცა ოპოზიციის საერთო შეხვედრის შემდეგ პარტიებმა განაცხადეს, რომ მმართველ გუნდს მოლაპარაკების ჩაშლის საბაბს არ მისცემენ.

გაიგეთ მეტი: