პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სამართლიანი პრინციპების ფარგლებში, "რასაკვირველია, ნაბიჯებს გადადგამენ" იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"ჩვენ სამართლიანი პრინციპების ფარგლებში, იმ ფარგლებში, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები და ჩვენი საზოგადოების ინტერესები, ჩვენი მხარდამჭერების სამართლიანი მოთხოვნები და ინტერესები იყოს დაცული, რასაკვირველია, გადავდგამთ ნაბიჯებს იმისათვის, რომ მოხდეს შეთანხმება. თუმცა რასაკვირველია, ამას სჭირდება სამართლიან პრინციპებზე შეთანხმება. ამას ხაზგასმით ვამბობ, იმიტომ, რომ ვფიქრობ, სწორედ ჩვენი მეგობრების დამოკიდებულება ამ დიალოგისადმი არის ასეთი.

ვფიქრობ, დროა, პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა. დროა, რომ ჩვენ ერთად მოვძებნოთ გადაწყვეტილებები იმ პრობლემებთან საპირისპიროდ, რომელიც დღეს აქვს საზოგადოებას", — თქვა მან.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველ მარტს გაიმართა. შეხვედრაზე პოლიტიკური დიალოგის განახლების 6-პუნქტიან გეგმაზე იმსჯელეს.

მას შემდეგ, რაც სავრაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული ჩანაწერი გავრცელდა, მოლაპარაკების გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ოპოზიციის ნაწილმა მოითხოვა, რომ ღარიბაშვილი მოლაპარაკებებს აღარ დაესწროს, თუმცა ოპოზიციის საერთო შეხვედრის შემდეგ პარტიებმა განაცხადეს, რომ მმართველ გუნდს მოლაპარაკების ჩაშლის საბაბს არ მისცემენ.

გაიგეთ მეტი: