ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ უკიდურესად შეურაცხყოფილნი არიან. ადგილობრივ მოსახლეობასთან ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა შეხვედრა ქუთაისში გამართეს. თუმცა განცხადების გაკეთების შემდეგ მათ შეხვედრა დატოვეს.

როგორც ვარლამ გოლეთიანი ამბობს, შეთანხმება იყო, რომ მოლაპარაკებების მეორე მხარეს სამინისტროს წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ.

"აქ მოვიდა მოპასუხე მხარე, რომელიც სამინისტროს საერთოდ არ წარმოადგენს. თვითონ მინისტრმაც ათ წუთი ჩამოვიდა. 5 მილიონი ახსენეს რიონის ხეობის განვითარებისთვის და პირობები შემოგვთავაზეს. ანუ მაქსიმუმი, რაც არი მათი. ჩვენ გვაქვს ცნობიერების თვალსაზრისით აცდენა. ჩვენ არ ვითხოვთ თანხას და რაიმე სოციალური პრობლემების მოგვარებას, ჩვენ გვაქვს მიწებთან დაკავშირებით კითხვები. ისინი სხვა მიმართულებით მიდიან", — ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

ადგილობრივებთან შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ კვლევების გადამოწმებამდე ნამახვანჰესის კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება. რაც შეეხება დანარჩენ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, კომპანია ამ მშენებლობებს გააგრძელებს. გარდა ამისა, შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი, რომლის მოცულობა ხუთი მილიონი ლარი იქნება.

მინისტრის თქმითვე, დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც ნამახვანჰესზე სამუშაოებს გაუძღვება. ამასთან, შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელში შემავალი ექსპერტები პროექტს ზედამხედველობას გაუწევენ.