საქართველოს დემოკრატიის ინიციატივის (GDI) განცხადებით, სასამართლოს განჩინება, რომელიც TV პირველში საგამოძიებო მოქმედების, ამოღების ჩატარების შესახებ გაიცა ძირს უთხრის მედიის, როგორც დემოკრატიის დარაჯის არსს და მის თავისუფლად არსებობის შესაძლებლობას.

GD-ს განცხადებით, ჩანაწერის ავთენტურობის დადგენამდე, რისი ვალდებულაც პროკურატურას აკისრია და აღნიშნულის განხორციელება პროკურატურას მედიის წყაროს დაცვის პრივილეგიისთვის საფრთხის შექმნის გარეშეც შეუძლია, ჩანაწერის შინაარსიც შეიცავს რამდენიმე დანაშაულის ნიშანს.

"გავრცელებული ჩანაწერის ერთ-ერთი თანამონაწილე შესაძლოა იყოს მოქმედი პრემიერმინისტრი, რომელიც არის არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის სუბიექტი. ჩანაწერში ასევე შესაძლოა ფიგურირებდნენ სხვა საჯარო თუ მოქმედი მაღალი თანამდებობის პირები, რომელთა შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლეგიტიმური საჯარო დისკუსიის წარმოებაში", — აცხადებს დემოკრატიის ინიციატივა.

GDI-ს მიაჩნია, რომ სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. მათივე თქმით, განჩინება გაცემულია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, მასში არ არის მითითებული ამოღების ჩატარების ადგილი, არ არის შესწავლილი მინიმალური სტანდარტის დონეზე რეალურად ინახება თუ არა ამოსაღები ნივთები მედიაში და სხვა.

GDI-ს განცხადებით, რომ TV პირველის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თაობაზე პროკურატურის მიერ დაყენებული შუამდგომლობის ფარგლებში სასამართლოს, უპირველეს ყოვლისა, უნდა განესაზღვრა:

  • აუდიო ჩანაწერებით გავრცელებული ინფორმაცია დაცული იყო თუ არა გამოხატვის თავისუფლებით?
  • შეჰქონდა თუ არა ჩანაწერს მნიშვნელოვანი წვლილი ლეგიტიმურ საჯარო დისკუსიაში.
  • ასევე, სასამართლოს უნდა გაეაზრებინა მისი გადაწყვეტილებით რამდენად შეექმნებოდა საფრთხე მედიის არსს და მედიის წყაროს დაცვის პრივილეგიას.

მათი თქმით, ვინაიდან ცალსახაა, რომ საჯარო პირთა პირად სატელეფონო დიალოგს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ლეგიტიმური საჯარო დისკუსიის წარმოებაში, არ არსებობს მისი წყაროს გამჟღავნების სამართლებრივი საფუძველი და მისი შეზღუდვის გამართლებად ვერ გამოდგება პირადი კომუნიკაციის დაცვის არგუმენტები.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, GDI მოუწოდებს ხელისუფლებას:

  • პროკურატურამ თავი შეიკავოს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსაბუთებელი და უკანონო განჩინების ნებისმიერი ფორმით აღსრულებისგან, რამაც შესაძლოა მცირედი საფრთხე მაინც შეუქმნას მედიის კონფიდენციალური წყაროს დაცვის პრივილეგიას;
  • განჩინების გასაჩივრების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ფორმალური არგუმენტებით უარი არ თქვას რეალური მართლმსაჯულების განხორციელებაზე და იმსჯელოს პირველი ინსტანციის მიერ მიღებული განჩინების ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებაზე, რა დროს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მედიის არსს დემოკრატიულ საზოგადოებაში;
  • ხელისუფლებამ იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული მედიასაშუალებების უფლებრივი დაცვის მაღალი სტანდარტის შესაბამისად და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რაც ძირს უთხრის მედიის შინაარს და აფერხებს მის თავისუფალ ფუნქციონირებას.

11 მარტს TV პირველმა მიიღო სასამართლოს განკარგულება, რომლითაც დაკმაყოფილდა პროკურატურის მოთხოვნა ტელეკომპანიიდან ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბრის ჩანაწერების ამოღების შესახებ. თუმცა განკარგულებაში წერია ისიც, რომ თუ TV პირველი არ მიაწოდებს ჩანაწერების შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს, მათ უფლება აქვთ წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა.

TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე, სავარაუდოდ, იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება კერძო საუბრის უკანონო მიყურადების, ჩაწერისა და გავრცელების მუხლით დაიწყო.

უწყება არაფერს ამბობს იმაზე, დაინტერესდა თუ არა სავარაუდო ძალადობის ფაქტებით, რაზეც ჩანაწერშია საუბარი.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად.

სამი დღის შემდეგ, 9 მარტს, ბერა ივანიშვილმა განაცხად, რომ 2011 წელს მისი ფანების მშობლებმა ბულინგის შესახებ აცნობეს და დაცვის სამსახურმა "ყველა კანონის, მორალის დაცვით მოინახულა" ისინი. ბერა ივანიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, აუცილებლად მოსთხოვს პასუხს დღესაც.

გაიგეთ მეტი: