გაფრთხილება: სტატიის წაკითხვამდე გაითვალისწინეთ, რომ მოყოლილი ამბები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა და ემოციურად რთული წასაკითხია.

კაცები ყოველთვის ნიღბებს ატარებდნენ — ყვება ტურსუნაი ზიავუდუნი — მიუხედავად იმისა, რომ მაშინ პანდემია არ არსებობდა.

მათ კოსტუმები ეცვათ და არა — პოლიციელის ფორმები.

ზოგჯერ, შუაღამის შემდეგ, ისინი შედიოდნენ საკნებში, სასურველ ქალებს არჩევდნენ და მიჰყავდათ "ბნელ ოთახში" — იქ, სადაც სათვალთვალო კამერები არ იყო დამონტაჟებული.
მათ ის, ზიავუდუნი, რამდენჯერმე წაიყვანეს იმ ოთახში.

"ალბათ ეს ყველაზე ღრმა დაღია, რომელსაც ვერასოდეს მოვიშორებ", — ამბობს ის.

"ისიც კი არ მინდა, რომ ეს სიტყვები ჩემი პირიდან ამოვიდეს".


ტურსუნაი ზიავუდუნმა 9 თვე გაატარა ჩინეთის სინძიანის რეგიონში არსებული საიდუმლოებით მოცული ბანაკების სისტემაში. არაოფიციალური გამოთვლებით, ამ ბანაკების ფართო ქსელში მილიონზე მეტი კაცი და ქალი დაუკავებიათ. ჩინეთის თქმით, ისინი უიღურებისა და სხვა ეთნიკური უმცირესობების "ხელახალი აღზრდისთვის" არსებობს. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების მიხედვით, ჩინეთის მთავრობამ უიღურებს რელიგიური და სხვა თავისუფლებები თანდათან შეუზღუდა. აღნიშნული კი მასობრივი მეთვალყურეობის, დაკავებების, ინდოქტრინაციისა და იძულებითი სტერილიზაციის მჩაგვრელ სისტემაში გადაიზარდა.

ეს პოლიტიკა ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის გატარებულია. ის სინძიანის რეგიონს 2014 წელს, უიღურ სეპარატისტთა ტერაქტის შემდეგ ეწვია. მოგვიანებით კი, The New York Times-ის მიერ გავრცელებული დოკუმენტების თანახმად, მან ადგილობრივი მაღალჩინოსნებისთვის ბრძანება გასცა, რომ სეპარატისტებისთვის "ყოველგვარი შეწყალების გარეშე" ეპასუხათ. ამ წლის იანვარში აშშ-ის მთავრობამ განაცხადა, რომ ჩინეთის ქმედებები გენოციდს უტოლდება. ოფიციალური ჩინეთი კი ამბობს, რომ მასობრივ დაკავებებსა და იძულებით სტერილიზაციაზე გავრცელებული ცნობები "ცრუ და აბსურდული ბრალდებებია".

ბანაკებში არსებულ სიტუაციაზე პირველწყაროთაგან ამბების მოსმენა იშვიათადაა შესაძლებელი. თუმცა რამდენიმე ყოფილმა დაკავებულმა და ერთმა მცველმა BBC-ისთან საუბარში აღნიშნეს, რომ მათ მასობრივი გაუპატიურების, სექსუალური ძალადობისა და წამების შემთხვევები ან თავად გამოსცადეს ან მსგავს ქმედებებს შეესწრნენ.

ტურსუნაი ზიავუდუნი ბანაკიდან გათავისუფლების შემდეგ სინძიანიდან გაიქცა და ახლა აშშ-ში იმყოფება. იგი ამბობს, რომ ქალები ყოველღამე გაჰყავდათ საკნებიდან და მათ ერთი ან რამდენიმე ნიღბიანი ჩინელი კაცი აუპატიურებდა. მან თქვა, რომ სამჯერ აწამეს და შემდეგ ჯგუფურად გააუპატიურეს — თითოეულ შემთხვევაში მასზე ორი ან სამი კაცი ძალადობდა.

ზიავუდუნმა BBC-ისთან ინტერვიუს ჩაწერამდეც ისაუბრა მედიასთან. იმ დროს ის ყაზახეთში იმყოფებოდა, სადაც "მუდმივად ჩინეთში დაბრუნების შიშში უწევდა ცხოვრება". მას სჯეროდა, რომ თუ თავის თავზე გამოცდილ და ნანახ სექსუალური ძალადობის მასშტაბებს სააშკარაოზე გამოიტანდა და სინძიანში დააბრუნებდნენ, ადრინდელზე უფრო სასტიკად დასჯიდნენ. და მას, ამასთან, სირცხვილის გრძნობაც არ აძლევდა მოსვენებას.

ტურსუნაი ზიავუდუნმა ყაზახეთის დატოვება შეძლო და შემდეგ აშშ-ში შედარებით უსაფრთხოდ დაბინავდა.

ფოტო: Hannah Long-Higgins

ზიავუდუნის მონაყოლის სრულად გადამოწმება შეუძლებელია, რადგან ჩინეთში ჟურნალისტებისთვის მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული. მაგრამ მის მიერ BBC-ისთვის მიწოდებული სამგზავრო დოკუმენტაცია და საიმიგრაციო ჩანაწერები ზედმიწევნით ემთხვევა მისი ამბის ქრონოლოგიას. სინიუანის მხარეში (უიღურულად ეს ადგილი კიუნესის ოლქის სახელითაა ცნობილი) მდებარე ბანაკის მისეული აღწერილობა ასევე ემთხვევა BBC-ის მიერ გაანალიზებულ სატელიტურ სურათებს. ბანაკის შიგნით ყოველდღიური ცხოვრების დეტალები, ისევე როგორც ძალადობის ბუნება და მეთოდები კი სხვა ყოფილი დაკავებულების მონათხრობებს შეესაბამება.

ადრიან ზენზმა, რომელიც სინძიანში ჩინეთის პოლიტიკის წამყვანი ექსპერტია, BBC-ის კიუნესის ოლქის შიდა იუსტიციის სისტემის 2017-2018 წლების დოკუმენტები მიაწოდა. მათში დეტალურად არის წარმოდგენილი "სამიზნე ჯგუფების განათლების გზით ტრანსფორმაციის" გეგმა და ხარჯები. მსგავსი ფრაზები ჩინეთში ხშირად გამოყენებული ევფემიზმებია, რომლებიც ქვეყანაში მცხოვრებ უიღურთა ინდოქტრინაციას მიემართება. დოკუმენტებიდან ერთ-ერთში "განათლების" პროცესი აღწერილია როგორც "ტვინების გარეცხვა, გულების განწმენდა, სიმართლის განმტკიცება და ბოროტების აღმოფხვრა".

BBC-იმ ინტერვიუ ჩამოართვა სინძიანელ ყაზახ ქალსაც, რომელმაც ბანაკებში 18 თვე გაატარა. მან თქვა, რომ იძულებული იყო, უიღურელი ქალები გაეშიშვლებინა და ხელბორკილები დაედო, სანამ მათ ჩინელ კაცებთან მარტო დატოვებდა. შემდეგ კი უკან ბრუნდებოდა და ოთახს ალაგებდა.

"ჩემი საქმე ქალებისთვის წელს ზემოთ ტანსაცმლის გახდა და ხელბორკილების ისე დადება იყო, რომ მათ მოძრაობა არ შეძლებოდათ", — ამბობს გულზირა აუელხანი და დემონსტრაციისთვის მაჯებს კისერთან იჯვარედინებს, — "შემდეგ ქალებს ოთახში ვტოვებდი, სადაც რომელიმე პოლიციელი ან გარედან მოსული ჩინელი კაცი შედიოდა. მე კართან ჩუმად ვიჯექი და როცა კაცი ოთახიდან გავიდოდა, ქალი შხაპის მისაღებად მიმყავდა". მისივე თქმით, "ჩინელები ფულს იხდიდნენ, რომ ყველაზე ლამაზი ახალგაზრდა პატიმრების არჩევა შეძლებოდათ".

ზოგიერთი ყოფილი დაკავებული იმასაც იხსენებს, როგორ იყო იძულებული, მცველებს დახმარებოდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში დასჯიდნენ. აუელხანის თქმით, მას არ შეეძლო ჩარეულიყო ან წინააღმდეგობა გაეწია ამ პროცესისთვის. კითხვაზე, არსებობდა თუ არა ორგანიზებული გაუპატიურების სისტემა, მან უპასუხა: "დიახ, გაუპატიურება".

ზიავუდუნის თქმით, ზოგიერთი ქალი, რომელიც ღამით საკნებიდან გაიყვანეს, უკან აღარ დაბრუნებულა. და ვინც ბრუნდებოდა, მათ დასჯით ემუქრებოდნენ, თუკი მომხდარს სხვებს მოუყვებოდნენ: "შენ არ გაქვს უფლება, სხვას უთხრა, რა მოხდა, მხოლოდ ჩუმად წოლა შეგიძლია. ეს ბანაკი იმისთვისაა შექმნილი, რომ ყველა შინაგანად გაანადგუროს".

ადრიან ზენზმა BBC-ის ასევე უთხრა, რომ ზოგიერთი ჩვენება, რომელიც ამ ამბისთვის შეაგროვა, ყველაზე შემზარავი მტკიცებულება იყო, რაც კი აქამდე უნახავს: "ეს ყველაზე უარესს ადასტურებს. ეს სექსუალური ძალადობისა და წამების დამადასტურებელი დეტალური მტკიცებულებებია, რაც თავისი სისასტიკით დიდად აღემატება იმას, რასაც აქამდე ვვარაუდობდით".

გულზირა აუელხანი ამზადებს ჩაის თავის სოფლის სახლში. ის 18 თვის განმავლობაში იყო დაკავებული.

ფოტო: Getty Images

უიღურები თურქული წარმოშობის, ძირითადად მაჰმადიანი, უმცირესობათა ჯგუფია. ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, სინძიანში დაახლოებით 11 მილიონი უიღური ცხოვრობს. ეს რეგიონი ყაზახეთს ესაზღვრება და იქ ეთნიკური ყაზახებიც სახლობენ. 42 წლის ზიავუდუნი უიღურია, მისი ქმარი კი — ყაზახი.

წყვილი სინძიანში 2016 წლის ბოლოს, ყაზახეთში ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაბრუნდა. ზიავუდუნის თქმით, ისინი ჩასვლისთანავე დაკითხეს და პასპორტები ჩამოართვეს. რამდენიმე თვის შემდეგ კი მას პოლიციამ უთხრა, რომ სხვა უიღურებთან და ყაზახებთან ერთად შეხვედრას უნდა დასწრებოდა. შეკრებილი ადამიანების ჯგუფი ალყაში მოაქციეს და დააკავეს.

ზიავუდუნის თქმით, პირველი პატიმრობა შედარებით მარტივი იყო — ნორმალური საკვები და მობილურ ტელეფონთან წვდომაც ჰქონდა. დაკავებიდან ერთი თვის შემდეგ ზიავუდუნს კუჭის წყლული განუვითარდა და გაათავისუფლეს. მის ქმარს პასპორტი დაუბრუნეს და იგი ყაზახეთში დაბრუნდა სამუშაოდ. თავად ზიავუდუნს ხელისუფლებამ წასვლის უფლება არ მისცა და სინძიანში გამოკეტა. არსებული ანგარიშის მიხედვით, ჩინეთი მიზანმიმართულად იტოვებს და საზღვრებს შიგნით აკავებს იმ ადამიანთა ნათესავებს, რომლებიც ქვეყნის გარეთ გადიან, რათა მათ ბანაკებზე არ ილაპარაკონ. 2018 წლის 9 მარტს, მაშინ, როცა მისი ქმარი ჯერ კიდევ ყაზახეთში იმყოფებოდა, ზიავუდუნს დაევალა, ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადებულიყო. მას უთხრეს, რომ "მეტი განათლება" სჭირდებოდა.

ზიავუდუნის მონაყოლის მიხედვით, ის კიუნესის ოლქში მდებარე იმავე დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც წინა პატიმრობის დროს იმყოფებოდა. მაგრამ, მისი თქმით, იქაურობა მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. შენობების გარეთ ავტობუსების რიგი იდგა, საიდანაც "გაუჩერებლად გადმოჰყავდათ" ახალი დაკავებულები.

დაკავებულ ქალებს სამკაულები ჩამოართვეს. ზიავუდუნს საყურეები ყურებიდან ჩამოგლიჯეს, რამაც სისხლდენა გამოიწვია. ის ოთახში ქალების ჯგუფთან ერთად შეიყვანეს. მათ შორის ერთი მოხუცებული იყო, რომელსაც ზიავუდუნი მოგვიანებით დაუმეგობრდა. მისი თქმით, ბანაკის მცველებმა მოხუცს თავსაბურავი მოხადეს და გრძელი კაბის ტარების გამო უყვიროდნენ — უიღურების მიერ რელიგიური თვითგამოხატვის მსგავსი ფორმები იმ წელს ისეთ დანაშაულად გაიწერა, რომელიც დაპატიმრებით ისჯება.

"მათ მოხუცებულ ქალს ყველაფერი გახადეს და მხოლოდ საცვლების ამარა დატოვეს. ის იმდენად დარცხვენილი იყო, რომ ცდილობდა, საკუთარი სხეული ხელებით დაეფარა. ცრემლები ნიაღვრად გადმოსდიოდა. ამის შემყურეს, მეც ტირილი ამივარდა", — ყვება ზიავუდუნი.

ზიავუდუნის მიერ იდენტიფიცირებული ადგილი, სადაც ის პატიმრობაში ჰყავდათ, ოფიციალურად სკოლადაა აღრიცხული. სატელიტური ფოტოები 2017 წლიდან (მარცხნივ) და 2019 წლიდან (მარჯვნივ) ბანაკების ზრდის ტიპურ ნიმუშს ასახავს: დამატებულია შენობები, რომლებიც საერთო საცხოვრებლები და ქარხნები უნდა იყოს.

ფოტო: Maxar

ქალებს უთხრეს, რომ ფეხსაცმელი და ღილებიანი ან ელვაშესაკრავიანი ნებისმიერი ტანსაცმელი დაცვისთვის ჩაებარებინათ. შემდეგ ისინი საკნებიან კომპლექსში გადაიყვანეს, რომელიც "პატარა ჩინური სამეზობლოს მსგავსი იყო, სადაც შენობების რიგებია ჩამწკრივებული", ­— ამბობს ზიავუდუნი.

პირველი ერთი თუ ორი თვის განმავლობაში ბევრი არაფერი მომხდარა. პატიმარ ქალებს თმა მოკლედ შეჭრეს და ისინი იძულებულნი იყვნენ, საკუთარ საკნებში პროპაგანდისტული პროგრამებისთვის ეყურებინათ.

შემდეგ პოლიციამ ზიავუდუნს ქვეყნიდან წასულ მის ქმარზე დაკითხვა დაუწყო. მისი თქმით, როცა წინააღმდეგობა გაუწია, პოლიციელმა იატაკზე დააგდო და მუცელში წიხლები ჩაარტყა. "პოლიციელის ჩექმა ძალიან მძიმეა, ამიტომ თავიდან მეგონა, რომ რაღაც საგნით მცემდა. შემდეგ მივხვდი, რომ ჩემს მუცელს ფეხით თელავდა. კინაღამ გონება დავკარგე — სხეულში სიმხურვალემ დამიარა", — ყვება ზიავუდუნი.

ბანაკის ექიმმა უთხრა, რომ თრომბი შეიძლება ჰქონოდა. როდესაც თანამესაკნეებმა მის სისხლდენაზე ყურადღება გაამახვილეს, დაცვის წევრებმა უპასუხეს, რომ "ქალებისთვის სისხლდენა ნორმალურია".

ზიავუდუნის თქმით, თითოეულ საკანში 14 ქალი ცხოვრობდა. საკნის ფანჯრებს გისოსები ჰქონდა და მასში ორსართულიანი საწოლები და ერთი პირსაბანი იყო განლაგებული. ტუალეტის დანიშნულებას იატაკში ამოჭრილი ხვრელი ასრულებდა. ის ყვება, რომ თავდაპირველად ვერ ხვდებოდა, რატომ გაჰყავდათ ქალები ღამით საკნიდან. ეგონა, რომ ისინი სხვა საკნებში გადაჰყავდათ.

აქტივისტთა ჯგუფის, Bitter Winter-ის წევრების მიერ საიდუმლოდ გადაღებული კადრები, რომლებიც გისოსებიან და კამერებიან საკნებს ასახავს.

ფოტო: Bitter Winter

შემდეგ, 2018 წლის მაისის რომელიღაც დღეს, — ზიავუდუნს ზუსტი თარიღი არ ახსოვს, რადგან, მისი თქმით, ბანაკის შიგნით თარიღებს ვერ იმახსოვრებ, — ის და მისი თანამესაკნე, დაახლოებით ოცი წლის ქალი, ღამით საკნიდან გამოიყვანეს და ჩინელ ნიღბიან კაცს წარუდგინეს. მისი თანამესაკნე ცალკე ოთახში გაიყვანეს.

"როგორც კი შიგნით შევიდა, ყვირილი დაიწყო. არ ვიცი, როგორ აგიხსნათ, მეგონა, რომ აწამებდნენ. გაუპატიურებაზე წამითაც არ მიფიქრია", — ყვება ზიავუდუნი.

ქალმა, რომელმაც ის და მისი თანამესაკნე კაცებთან მიიყვანა, ამ უკანასკნელებს ზიავუდუნის სისხლდენაზე შეატყობინა. "მას შემდეგ, რაც ქალმა ჩემს მდგომარეობაზე მიუთითა, ჩინელმა კაცმა შეაგინა. ნიღბიანმა კაცმა ჩემზე თქვა, ბნელ ოთახში წაიყვანეთო. ქალმა, რომელმაც კაცებთან მიგვიყვანა, იმ ოთახის გვერდით შემიყვანა, სადაც ჩემი თანამესაკნე იყო. მათ ელექტრონული ჯოხი ჰქონდათ, არ ვიცოდი, რა იყო. ის ჩემს სასქესო ტრაქტში შეწიეს და ელექტროშოკით მაწამეს", — ყვება ზიავუდუნი.

იმ ბნელ ოთახში ზიავუდუნის წამების პირველი ღამე მაშინ დასრულდა, როცა უცხო ქალი კვლავ ჩაერია და კაცებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ხელახლა უთხრა. ზიავუდუნი საკანში დააბრუნეს.

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მისი თანამესაკნეც დაბრუნდა. "იმ ამბის შემდეგ ის სულ სხვანაირი გახდა, არავის ელაპარაკებოდა, წყნარად იჯდა ხოლმე, თითქოს ტრანსში იყო. იმ საკნებში ბევრი ადამიანი შეიშალა ჭკუიდან", — ამბობს ზიავუდუნი.

გულზირა აუელხანი (ცენტრში), თავისი სოფლის სახლში. მას ბანაკში ქალების დაბმას აიძულებდნენ.

ფოტო: Getty Images

საკნების გარდა, ბანაკების კიდევ ერთი მთავარი მახასიათებელი საკლასო ოთახებია. იქ პედაგოგებს დაკავებულების "ხელახალი განათლება" ევალებათ. აქტივისტების თქმით, ამ პროცესის მიზანი უიღურებისა და სხვა უმცირესობების კულტურის, ენისა და რელიგიისგან ჩამოშორება და მათი თანამედროვე ჩინურ კულტურაში ინტეგრაციაა.

ქელბინურ სედიკი, უზბეკი ქალი სინძიანიდან, ჩინური ენის იმ მასწავლებლებს შორის იყო, ვინც ბანაკებში შეიყვანეს და აიძულეს, დაკავებულებისთვის გაკვეთილები ჩაეტარებინათ. სედიკმა მას შემდეგ ჩინეთიდან გაქცევა მოახერხა და საკუთარ გამოცდილებაზე საჯაროდ ისაუბრა.

მისი თქმით, ქალების ბანაკი "მკაცრად კონტროლდებოდა", თუმცა მის ყურამდე მაინც აღწევდა ხმები და ისტორიები გაუპატიურებების შესახებ. ერთ დღეს სედიკი თავის ნაცნობ ბანაკის პოლიციელ ქალს ფრთხილად მიუახლოვდა და უთხრა, რომ საშინელი ამბები ესმოდა გაუპატიურებებზე. მან ქალს ჰკითხა, თავად თუ იცოდა რამე ამის შესახებ. პოლიციელმა მიუგო, რომ ლანჩის დროს შიდა ეზოში დაელაპარაკებოდა.

"მეც შიდა ეზოში წავედი. იქ ბევრი კამერა არ იყო. პოლიციელმა მითხრა, რომ გაუპატიურება ჩვეულებად ქცეულიყო. პატიმრებს ჯგუფურად აუპატიურებენ და ამასთან ჩინეთის პოლიცია ქალებს ელექტროშოკითაც აწამებსო. ისინი საშინელი წამების ქვეშ არიანო", — ყვება სედიკი.

იმ ღამეს სედიკს წამითაც არ უძინია: "ჩემს შვილზე, ჩემს გოგოზე მეფიქრებოდა, რომელიც მაშინ საზღვარგარეთ სწავლობდა და მთელი ღამე ტირილში გავატარე".

საირაგულ საუტბაი — მასწავლებელი, რომელიც სულისშემძვრელ გაუპატიურებას შეესწრო. მას მოგვიანებით ბრალი ყაზახეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დასდეს.

ფოტო: Getty Images

უიღურთა ადამიანის უფლებების დაცვის პროექტის ფარგლებში გაკეთებულ ჩვენებაში სედიკმა თქვა, რომ მას სმენია ელექტრონული ჯოხის შესახებაც, რომელსაც ქალების წამების მიზნით იყენებდნენ — ეს დეტალი ზიავუდუნის მიერ აღწერილ გამოცდილებას ემთხვევა.

სედიკის თქმით, ბანაკში ქალები ოთხი განსხვავებული სახის ელექტროშოკით წამების მსხვერპლნი იყვნენ: "სკამით, ხელთათმანით, ჩაფხუტით და ჯოხით, რომლითაც ანალურად აუპატიურებდნენ".

"კივილი მთელ შენობას ექოდ ედებოდა", — იხსენებს ის, — "ქალების ხმა ლანჩის და ზოგჯერ გაკვეთილების ჩატარების დროსაც მესმოდა".

კიდევ ერთი მასწავლებელი, რომელიც ბანაკებში იძულებით მუშაობდა, საიარაგულ საუტბაია. მან BBC-ის უთხრა, რომ გაუპატიურება ხშირი იყო: "დაცვის წევრები მათთვის სასურველ გოგოებს და ახალგაზრდა ქალებს ირჩევდნენ და მიჰყავდათ".

მან აღწერა, თუ როგორ შეესწრო 20 ან 21 წლის გოგოს შემზარავ ჯგუფურ გაუპატიურებას, რომელიც მანამდე 100-მდე სხვა დაკავებულთან ერთად ბანაკში აღიარებითი ჩვენებისთვის იძულებით მიიყვანეს. საუიტბაის თქმით, "ამის შემდეგ პოლიციელები ყველას თვალწინ რიგრიგობით აუპატიურებდნენ იმ გოგოს. ამის პარალელურად, ისინი გაუპატიურების შემსწრე დაკავებულებს აკვირდებოდნენ და ირჩევდნენ ყველას, ვინც წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, ხელებს მუშტებად კრავდა, თვალებს ხუჭავდა ან სხვა მხარეს იხედებოდა და დასასჯელად მიყავდათ. ეს სრულიად სულისშემძვრელი სანახაობა იყო. ქალი დახმარებას ითხოვდა. თავს მკვდრად ვგრძნობდი, მკვდარი ვიყავი".

ზიავუდუნს ტირილი აუვარდა, როცა ბანაკში გადაღებული კადრები იცნო.

ფოტო: Hannah Long-Higgins

კიუნესის ოლქის ბანაკში ზიავუდუნის გატარებული დღეები კვირებში და შემდეგ თვეებში გადაიზარდა. დაკავებულები გაკვეთილებს ესწრებოდნენ და მედიკამენტებს იღებდნენ. მათ თმას პერიოდულად ჭრიდნენ, სამედიცინო გამოკვლევები აუხსნელად უტარდებოდათ და ყოველ 15 დღეში იძულებით უკეთებდნენ "ვაქცინას", რომელიც გულისრევასა და დაბუჟებას იწვევდა.

ზიავუდუნმა თქვა, რომ ქალებს იძულებით უდგამდნენ სპირალს ან უკეთებდნენ სტერილიზაციას, მათ შორის ერთ გოგოსაც, რომელიც მხოლოდ 20 წლის იყო: "ვემუდარებოდით, რომ მისთვის ეს არ გაეკეთებინათ", — იხსენებს ის.

The Associated Press-ის ბოლოდროინდელი გამოძიების თანახმად, უიღურების იძულებითი სტერილიზაცია სინძიანში ფართოდაა გავრცელებული. ამის საპასუხოდ ჩინეთის მთავრობამ BBC-ის განუცხადა, რომ ბრალდებები "სრულიად უსაფუძვლო" იყო.

ზიავუდუნის თქმით, სამედიცინო ჩარევების გარდა, მის ბანაკში ქალები იძულებულნი იყვნენ, საათობით ემღერათ პატრიოტული ჩინური სიმღერები და ეყურებინათ ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის შესახებ გაკეთებული პატრიოტული სატელევიზიო პროგრამებისთვის.

"შენ ბანაკის გარეთ ცხოვრებაზე ფიქრიც კი გავიწყდება. არ ვიცი, მათ ტვინები გამოგვირეცხეს თუ ეს ინექციებისა და აბების გვერდითი მოვლენები იყო, მაგრამ ბანაკში ყოფნისას სხვა ვერაფერზე ფიქრობ, გარდა იმისა, რომ მუცელი სავსე გქონდეს. საკვები მუდამ არასაკმარისი იყო", — ამბობს ზიავუდუნი.

ბანაკის ყოფილი მცველის თანახმად, რომელსაც BBC ჩინეთის გარეთ, სხვა ქვეყნიდან განხორციელებული ვიდეოზარით ესაუბრა, დაკავებულებს ისეთი დარღვევების გამო არ აძლევდნენ საკვებს, როგორიც სი ძინპინზე დაწერილი წიგნიდან აბზაცების სრული სიზუსტით ვერდამახსოვრებაა.

"ერთხელ, როდესაც დაკავებულები საკონცენტრაციო ბანაკში გადავიყვანეთ, დავინახე, რომ ყველას აიძულებდნენ ამ წიგნების დაზეპირებას. ისინი საათობით ისხდნენ და ცდილობდნენ ტექსტის დამახსოვრებას, ყველას წიგნი ეჭირა ხელში", — ყვება ბანაკის ყოფილი მცველი.

ის ადამიანები, ვინც გამოცდას ვერ აბარებდნენ, იძულებულნი იყვნენ, სამი განსხვავებული ფერის ტანსაცმელი ეტარებინათ, იმის მიხედვით, ერთხელ ჩაიჭრნენ, ორჯერ თუ სამჯერ. თითოეული ფერის სამოსს შესაბამისი სასჯელებიც ერთვოდა, საკვების ჩამორთმევისა და ცემის ჩათვლით.

"მე იმ ბანაკებში შევდიოდი, პატიმრები შემყავდა. ვხედავდი იმ ავად მყოფ, უბედურ ადამიანებს. დარწმუნებული ვარ, რომ მათ სხვადასხვაგვარი წამება გამოიარეს", — ამბობს დაცვის ყოფილი წევრი.

მკვლევრები აცხადებენ, რომ უიღურების წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკა უშუალოდ პრეზიდენტ სი ძინპინისგან მომდინარეობს.

ფოტო: Getty Images

ყოფილი მცველის ჩვენებების დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია. მაგრამ მან წარადგინა დოკუმენტები, რომლებითაც ერთ-ერთ იდენტიფიცირებულ ბანაკში მისი დასაქმების პერიოდი დასტურდება. ის საუბარს იმ პირობით დათანხმდა, რომ მისი ვინაობა ანონიმური დარჩებოდა.

დაცვის წევრმა თქვა, რომ მან არაფერი იცოდა პატიმართა გაუპატიურებების შესახებ. როცა მას ჰკითხეს, იყენებდნენ თუ არა ბანაკის დაცვის წევრები ელექტროშოკს, მან უპასუხა: "კი, ისინი ელექროშოკირებისთვის განკუთვნილ ინსტრუმენტებს იყენებდნენ". მცველის თქმით, წამების შემდეგ დაკავებულები იძულებულნი იყვნენ, სხვადასხვა დანაშაული ეღიარებინათ.

პრეზიდენტ სი ძინპინის გავლენა ბანაკებზე ადვილი შესამჩნევია. მისი გამოსახულებები და ლოზუნგები ბანაკის კედლებს "ამშვენებს" და სწორედ ის არის "ხელახალი განათლების" პროგრამის ცენტრში მოქცეული. ჩინეთში ყოფილი ბრიტანელი დიპლომატისა და ამჟამად გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის საკითხებზე მომუშავე ანალიტიკური ცენტრის, RUSI-ს თანამშრომლის, ჩარლზ პარტონის აზრით, პრეზიდენტი სი ძინპინი უიღურთა წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის არქიტექტორია.

"მთელი ეს პოლიტიკა ძალიან ცენტრალიზებულია და ყველაზე მაღალ ეშელონებამდე მიდის. არანაირი ეჭვი არ არსებობს იმაზე, რომ ეს სი ძინპინის მიერ შემუშავებული პოლიტიკაა", — ამბობს პარტონი. მისი აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეზიდენტი ან პარტიის სხვა მაღალჩინოსნები პირდაპირ გასცემდნენ ნებართვას გაუპატიურებასა და წამებაზე, მაგრამ შეუძლებელია, რომ მათ ამის შესახებ არ იცოდნენ. "ვფიქრობ, მაღალჩინოსნებს თვალის დახუჭვა ურჩევნიათ. გაიცა ბრძანება, რომ ამ პოლიტიკის დანერგვის პროცესი მკაცრად წარმართულიყო და შედეგად ეს მივიღეთ. მე უბრალოდ ვერ ვხედავ ბერკეტებს, რომლებიც ამ მოძალადეებს შეაჩერებს", — აღნიშნავს პარტონი.

ზიავუდუნის ჩვენების თანახმად, მოძალადეები ყველაფერს აკეთებდნენ, რაც მოესურვებოდათ. "ისინი არა მარტო გაუპატიურებენ, არამედ მთელ სხეულზე გკბენენ, არც კი იცი ადამიანები არიან თუ ცხოველები", — თქვა მან და ცრემლების შესაკავებლად თვალებზე ხელსახოცი მიიჭირა. ამის მერე ის დიდხანს ჩუმად იყო, რათა თავი ხელში აეყვანა.

"მათ ჩემი სხეულის არცერთი ნაწილი არ დაინდეს. ყველგან მკბენდნენ და საშინელ შრამებს მიტოვებდნენ. მათი კვალი ამაზრზენი სანახავი იყო. მე ეს სამჯერ განვიცადე. და მხოლოდ ერთი ადამიანი, ერთი მტაცებელი კი არ გტანჯავს, ყოველ ჯერზე ორი ან სამი კაცი იყო", — ყვება ზიავუდუნი.

მოგვიანებით, ქალი რომელმაც თქვა, რომ ზედმეტად ბევრი შვილის გაჩენისთვის დააპატიმრეს და რომელსაც საკანში ზიავუდუნთან ახლოს ეძინა, სამი დღის განმავლობაში გაქრა. როდესაც დააბრუნეს, მასაც მსგავსი იარები ჰქონდა. ზიავუდუნი იხსენებს, რომ ქალმა კისერზე ხელები შემოხვია და გაუჩერებლად ქვითინებდა, მაგრამ არაფერი უთქვამს.

ჩინეთის მთავრობას გაუპატიურებებსა და წამების ბრალდებებზე BBC-ის კითხვებისთვის პასუხი პირდაპირ არ გაუცია. სანაცვლოდ, მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ სინძიანის ბანაკები საპატიმროები კი არა, "პროფესიული განათლებისა და მომზადების ცენტრებია". მისივე თქმით, "ჩინეთის მთავრობა თანაბრად იცავს ყველა ეთნიკური უმცირესობის უფლებებსა და ინტერესებს". მან აგრეთვე დასძინა, რომ მთავრობა "დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქალთა უფლებების დაცვას".

ტურსუნაი ზიავუდუნი აშშ-ში მდებარე სახლში, ბინის პატრონთან ერთად, რომელიც მას გვერდში უდგას.

ფოტო: Hannah Long-Higgins

ზიავუდუნი 2018 წლის დეკემბერში იმ სხვა ადამიანებთან ერთად გაათავისუფლეს, რომელთაც ქმრები, ცოლები ან ნათესავები ყაზახეთში ჰყავდათ. ეს პოლიტიკის ცალსახა ცვლილება იყო, რომლის გამომწვევი მიზეზიც მისთვის დღემდე უცნობია.

სახელმწიფომ მას პასპორტი დაუბრუნა და ისიც ჯერ ყაზახეთში გაიქცა, შემდეგ კი, უიღურთა ადამიანის უფლებათა პროექტის მხარდაჭერით, აშშ-ს შეაფარა თავი. მან უკვე შეიტანა საბუთები ქვეყანაში დარჩენის უფლების მისაღებად. ზიავუდუნი ვაშინგტონიდან არც ისე შორს, წყნარ გარეუბანში ცხოვრობს. მისი ბინის მეპატრონე ადგილობრივი უიღურთა თემის წარმომადგენელია. ორი ქალი ერთად ამზადებს საჭმელს და სახლის გარშემო ქუჩებში სეირნობს. ეს ნელი, მოვლენებს მოკლებული არსებობაა.

ზიავუდუნს სახლში ყოფნისას მკრთალი განათება ურჩევნია, რადგან ბანაკში ნათურები მუდმივად კაშკაშებდნენ. ამერიკაში ჩასვლიდან ერთი კვირის თავზე მას საშვილოსნოს ამოკვეთის ოპერაცია ჩაუტარდა — ეს ბანაკში მიყენებული ჭრილობების შედეგი იყო. "მე დედობის შანსი დავკარგე", — ამბობს ის. ზიავუდუნს სურს, რომ მისი ქმარიც მასთან იყოს, აშშ-ში. ჯერჯერობით ის კვლავ ყაზახეთში იმყოფება.

გათავისუფლების მერე, სანამ ყაზახეთში გაქცევას შეძლებდა, ზიავუდუნმა გარკვეული დრო სინძიანში დაყო. მან ნახა სხვა ადამიანები, ვინც სისტემამ დაამახინჯა და ამის მერე გაათავისუფლა. ის ხედავდა იმ ზეგავლენას, რომელიც ამ პოლიტიკამ მათზე იქონია. დამოუკიდებელი კვლევის თანახმად, სინძიანში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შობადობის მაჩვენებელი საგრძნობლად დაეცა — ეს ფაქტი ანალიტიკოსებმა დემოგრაფიულ გენოციდად შეაფასეს.

ზიავუდუნმა ისიც თქვა, რომ ბევრი ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა. ის რამდენჯერმე შეესწრო, როგორ წაუვიდა გული ქუჩაში მის ყოფილ თანამესაკნეს, ახალგაზრდა ქალს, რომელიც იმ პირველ ღამეს მასთან ერთად გაიყვანეს და რომლის კივილიც გვერდითა ოთახიდან ესმოდა. ზიავუდუნის თქმით, ქალი ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა. ის იქცა "ვიღაცად, ვინც უბრალოდ არსებობს. სხვა მხრივ ის მკვდარი იყო, გაუპატიურებებისგან ბოლომდე განადგურებული".

"ამბობენ, რომ ხალხი გაათავისუფლეს, მაგრამ ჩემი აზრით, ვინც ბანაკებს ტოვებს, ბოლო აქვს მოღებული", — ამბობს ზიავუდუნი.

მისივე თქმით, ჩანაფიქრიც სწორედ ეს იყო. მეთვალყურეობა, გადამზადება, ინდოქტრინაცია, დეჰუმანიზაცია, სტერილიზაცია, წამება, გაუპატიურება — "მათი მიზანი ყველას განადგურებაა და ეს ყველამ იცის".