ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოშია. მისი განცხადებით, სამი დღის განმავლობაში პოლიტიკური პროცესების მონაწილე მხარეებთან "დატვირთულ გრაფიკს" ელოდება.

"ძალიან მიხარია, რომ საქართველოში დავბრუნდი. ველოდები ძალიან დატვირთულ სამუშაო გრაფიკს პოლიტიკური პროცესის მონაწილე მხარეებთან სამი დღის განმავლობაში. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. დღეს მოგვიანებით გავესაუბრები მედიას", — განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველ მარტს გაიმართა. შეხვედრაზე პოლიტიკური დიალოგის განახლების 6-პუნქტიან გეგმაზე იმსჯელეს.

მას შემდეგ, რაც სავრაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული ჩანაწერი გავრცელდა, მოლაპარაკების გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ოპოზიციის ნაწილმა მოითხოვა, რომ ღარიბაშვილი მოლაპარაკებებს აღარ დაესწროს, თუმცა ოპოზიციის საერთო შეხვედრის შემდეგ პარტიებმა განაცხადეს, რომ მმართველ გუნდს მოლაპარაკების ჩაშლის საბაბს არ მისცემენ.

გაიგეთ მეტი: