პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ღრმადაა დარწმუნებული, რომ TV პირველი პროკურატურასა და გამოძიებას იმ მასალას მიაწოდებს, რასაც ისინი ითხოვენ.

"პროკურატურას ჰქონდა კომუნიკაცია ტელევიზიის მესვეურებთან სატელეფონოც, მიმოწერაც და სასამართლო განჩინებაც, რასაც კანონი ითხოვს მიღებულია. მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ტელევიზია თავის ვალდებულებას კანონის წინაშე პირნათლად შეასრულებს და ის მასალა, რა მასალასაც პროკურატურა და გამოძიება ითხოვს, მიაწოდებს", — აცხადებს ქადაგიშვილი.

სასამართლოს განკარგულების მიხედვით, თუ TV პირველი არ მიაწოდებს ჩანაწერების შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს, მათ უფლება აქვთ წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა.

"საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს უფლება აქვს წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა", — წერია განკარგულებაში.

კითხვით, მისცემენ თუ არა ჩანაწერებს პროკურატურას, On.ge ნოდარ მელაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, ამისთვის პროკურატურამ შესაბამისი განჩინებით უნდა მიმართოს, ახლა კი "გაურკვეველ კონვერტს" და "ელექტრონულ მატარებელს" ითხოვს. მისივე თქმით, იურისტები უკვე ამზადებენ შესაბამის საპასუხო წერილს, რომელიც პროკურატურას გაეგზავნება.