ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ფაქტი, რომ TV პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკვე მე-5 დღეა დუმს, არ არის თავის არიდება. სარჯველაძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა ღარიბაშვილი ფიქრობდეს, რომ ამ თემაზე საკმარისი განმარტება უკვე გაკეთებულია.

"ეს არ არის თავის არიდება, ეს არ არის დუმილი. ამ შემთხვევაში შეიძლება საქმე გვქონდეს, როდესაც გაკეთებულია საკმარისად და ადამიანი შეიძლება თვლიდეს, რომ საკმარისად არის არის გაკეთებული განმარტებები კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში, შემდგომი კომენტირებისგან თავის შეკავება, რასაკვირველია, დუმილად და სხვა შეფასებებით ამის მონათვლა, მე ვფიქრობ, რომ ზედმეტია და არ არის ამის საჭიროება", — განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ტრადიციულად, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერმინისტრი მიმდინარე საკითხებს ეხმაურება, თუმცა დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ღარიბაშვილს ჩანაწერებზე არ უსაუბრია.

TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე, სავარაუდოდ, იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

ჩანაწერების გამოქვეყნებიდან სამი დღის შემდეგ, 9 მარტს, ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედს ინტერვიუ მისცა. მთელი ინტერვიუს განმავლობაში მას ერთხელაც არ უთქვამს, რომ ჩანაწერები ნამდვილი არ არის. მეტიც, აუდიტორიის წინაშე ხმამაღლა განაცხადა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, პასუხს მოსთხოვს. დაადასტურა ბავშვების მშობლებთან მისვლაც, მაგრამ ამტკიცებს, რომ ეს ადამიანები კანონისა და მორალის დაცვით მოინახულეს.