მაკოლეი კალკინი სახლში მარტო აღარ არის და დიდი ალბათობით, გაცილებით უფრო დიდი საფრთხეც ემუქრება.

ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისში გახდა ცნობილი, რომ American Horror Story-ის (ამერიკული საშინელებათა ისტორია) მეათე სეზონში Home Alone-ის (მარტო სახლი) ვარსკვლავი გამოჩნდებოდა.

სულ ცოტა ხნის წინ კი ამ ცნობილი საშინელებათა ჟანრის სერიალის შემოქმედმა, რაიან მერფიმ ინსტაგრამის პირად გვერდზე გადაღებებიდან კალკინის პირველი ფოტოც გაავრცელა.

"რაღაც უკეთური აქეთკენ მოდის" — ასეთი აღწერა აქვს ფოტოს, რომელზეც მაკოლეი კალკინი ამერიკული საშინელებათა ისტორიის უკვე კარგად ნაცნობ მსახიობთან, ლესლი გროსმენთან ერთადაა.

ამ შოუს ახალ სეზონში ასევე ვიხილავთ სარა პოლსონს ივან პეტერსს, კეტი ბეიტსსა და ლილი რეიბს.

ადრე რაიან მერფიმ ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ დაითანხმა მაკოლეი კალკინი სერიალში მონაწილეობაზე:

"როდესაც სამსახიობო გუნდს ვადგენ, როგორც წესი, მსახიობებს არასდროს ვაძლევ უფლებას წინასწარ წაიკითხონ სცენარი. მაგრამ, როცა მას როლი შევთავაზე, ვუთხარი, რომ მის პერსონაჟს გადარეული, ეროტიკული სექსი ექნებოდა კეტი ბეიტსის პერსონაჟთან. მცირეხნიანი დუმილის შემდეგ კი მიპასუხა: "როგორც ჩანს, სწორედ ამ როლისთვის ვარ დაბადებული".

ამერიკული საშინელებათა ისტორიის ერთგულმა მაყურებლებმა კარგად იციან, რომ ანთოლოგიის ტიპის თითოეული სეზონი გარკვეულ თემას ეხება, ჯერჯერობით კი უცნობია, თუ რაზე იქნება მეათე სეზონი. ჯერ მხოლოდ პირველი პოსტერით თუ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუმცა, როგორც ჩანს, პანდემიის გამო შეფერხებული გადაღებები უკვე განახლდა და მალე მთელი სეზონის ხილვის შესაძლებლობაც გვექნება.

ფოტო: FX