სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას არხი ავრცელებს. საქმე ეხება ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის საუბარს, რომელიც ტელეკომპანიამ გაავრცელა.

"საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლებს ნება დაერთოთ განახორციელონ საგამოძიებო მოქმდებება: ამოღება. კერძოდ, ამოღებულ იქნეს: 2021 წლის 06 მარტს გადაცემა ნოდარ მელაძის შაბათის რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ TV პირველისთვის გადაცემული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრის ამსახველი ჩანაწერები. 2021 წლის 06 მარტს გადაცემა ნოდარ მელაძის შაბათის რეპორტაჟში კონფიდენციალური წყაროს მიერ TV პირველისთვის გადაცემული კონვერტი (ან სხვაგვარი შეფუთვა), რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა", — წერია განჩინებაში.

განკარგულების მიხედვით, თუ TV პირველი არ მიაწოდებს ჩანაწერების შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს, მათ უფლება აქვთ წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა.

"საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს უფლება აქვს წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა", — წერია განკარგულებაში.

კითხვით, მისცემენ თუ არა ჩანაწერებს პროკურატურას, On.ge ნოდარ მელაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, ამისთვის პროკურატურამ შესაბამისი განჩინებით უნდა მიმართოს, ახლა კი "გაურკვეველ კონვერტს" და "ელექტრონულ მატარებელს" ითხოვს.

"აქ ითხოვს რაღაც გაურკვეველ კონვერტს და რაღაცა ელექტრონულ მატარებელს, რომელზეც იყო მოთავსებული აუდიოჩანაწერები. საიდან დაადგინა, რომ ელექტრონული მატარებლით შემოვიდა აუდიო ჩანაწერები ტელევიზიაში და დავუშვათ, თუ ელექტრონული მატარებლით შემოვიდა, ის ელექტრონული მატარებელი ისევ ტელევიზიაშია გამოძიების ეთერში გასვლიდან 4 დღის შემდეგ? თუ მათი ინტერესის საგანს წარმოადგენს აუდიოჩანაწერები, შესაბამისი განჩინებით მოგვმართონ", — ამბობს ნოდარ მელაძე.

მისივე თქმით, TV პირველის იურისტები უკვე ამზადებენ შესაბამის საპასუხო წერილს, რომელიც პროკურატურას გაეგზავნება.

TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე, სავარაუდოდ, იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება კერძო საუბრის უკანონო მიყურადების, ჩაწერისა და გავრცელების მუხლით დაიწყო.

უწყება არაფერს ამბობს იმაზე, დაინტერესდა თუ არა სავარაუდო ძალადობის ფაქტებით, რაზეც ჩანაწერშია საუბარი.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად.

სამი დღის შემდეგ, 9 მარტს, ბერა ივანიშვილმა განაცხად, რომ 2011 წელს მისი ფანების მშობლებმა ბულინგის შესახებ აცნობეს და დაცვის სამსახურმა "ყველა კანონის, მორალის დაცვით მოინახულა" ისინი. ბერა ივანიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, აუცილებლად მოსთხოვს პასუხს დღესაც.

გაიგეთ მეტი: