TV პირველის მიერ ფარული აუდიო ჩანაწერების გავრცელებიდან მეხუთე დღესაც, პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ამ თემაზე განცხადებას არ აკეთებს. ჩანაწერებში საუბარი სწორედ ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს შორისაა, რა დროსაც ისინი ბერას გინების გამო კონკრეტული ადამიანების, მათ შორის, ბავშვის დასჯაზე საუბრობენ და იცინიან.

ტრადიციულად, მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმინისტრი მიმდინარე საკითხებს ეხმაურება. სწორედ ამიტომ იყო მოლოდინი, რომ ის ჩანაწერებზეც ისაუბრებდა, თუმცა ღარიბაშვილმა რამდენიმე თემა განიხილა და მათ შორის ჩანაწერები არ ყოფილა. მან ისაუბრა ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტზე, სადაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების საკითხიც უნდა განიხილონ, ასევე, კორონავირუსის საფრთხეებზე და სხვა საკითხებზე.

განცხადების შემდეგ კი მან აღნიშნა:

"სულ ეს არის, რაც მინდოდა ჩვენი მოსახლეობისთვის მეთქვა".

TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე, სავარაუდოდ, იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

სამი დღის შემდეგ, 9 მარტს, ბერა ივანიშვილმა განაცხად, რომ 2011 წელს მისი ფანების მშობლებმა ბულინგის შესახებ აცნობეს და დაცვის სამსახურმა "ყველა კანონის, მორალის დაცვით მოინახულა" ისინი. ბერა ივანიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, აუცილებლად მოსთხოვს პასუხს დღესაც.

გაიგეთ მეტი: