T-Mobile Netherlands-ის 5G-სთან დაკავშირებული მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, Dutch TV-ის სახემ — სტიიან ფრანსენმა ტატუ 5G რობოტის დახმარებით გაიკეთა. ტატუ არტისტი კი მასთან არ იმყოფებოდა და სწორედ ამ რობოტის დახმარებით, დისტანციურად ასრულებდა თავის სამუშაოს.

ტატუ არტისტი, ვეს ტომასი, თავისი საკმაოდ საფრთხილო სამუშაოს შესრულებისას სრულიად ენდობოდა რობოტს, რომელიც მანქანურ დასწავლას იყენებდა იმისათვის, რომ ფრანსენის მკლავის მდებარეობა განესაზღვრა, ისევე, როგორც კანის შესაბამისი ნაწილი, ტატუს დასატანად.

რობოტი ლონდონელმა ტექნოლოგმა — ნოელ დრიუმ შექმნა და დააპროგრამა. "რობოტის ყველა დეტალი ნულიდან იყო შექმნილი ჩემ მიერ, სახლის პირობებში", — განუცხადა მან გუშინ, PCMag-ს. მან ასევე დასძინა, რომ რობოტის სრულყოფისთვის უამრავი ეტაპის გავლა მოუხდა, როგორც პროგრამულ, ასევე მოწყობილობის დონეზე. როგორც ის ამბობს, მის სახლში 3D პრინტერები 24/7-ზე მუშაობდა, რობოტის ტესტირებისა და საბოლოო დიზაინის აწყობის ფარგლებში კი უამრავი ფუჭი ცდა იყო. თუმცა, რობოტისთვის საბოლოო და უსაფრთხო სახის მიცემა მაინც შეძლო და ის დისტანციური ტატუს "სერვისს" წარმატებით ართმევს თავს.

ამ ვიდეოს მიღმა ბევრი დეტალია საინტერესო, მაგალითად ის, თუ რა სისტემები ან ინსტრუმენტები გამოიყენეს რობოტში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასეთია, მაგალითად, პოტენციომეტრი, რომელიც ფრანსენის მკლავის ზედაპირს აკვირდებოდა. ამ დაკვირვების ერთ-ერთი მიზანი კი ის იყო, რომ რობოტს ეკონტროლებინა კანში ტატუსთვის განკუთვნილი ნემსის ჩასვლის სიღრმე.

როგორც ვიდეოდანაც ნახავდით, დისტანციური ტატუირების გამოცდილებამ წარმატებით ჩაიარა და ამ ექსპერიმენტისას არავინ დაშავებულა.