გლობალური დათბობის შეჩერებამ და იმ მიზნების შესრულებამ, რომლებიც პარიზის შეთანხმებაშია წარმოდგენილი, შესაძლოა, ტროპიკული რეგიონების კატასტროფისგან იხსნას. რაც შეეხება დღევანდელ ტემპს, ასე თუ გაგრძელდა, ახალი კვლევის მიხედვით, ტროპიკებში ტემეპრატურა, სავარაუდოდ, ისეთ მაჩვენებელს მიაღწევს, რომელზეც ადამიანებისთვის შეუძლებელია ცხოვრება.

მკვლევრების შეფასებით, თუ სახელმწიფოები შეძლებენ და შეინარჩუნებენ ტემპერატურას, რომელიც ინდუსტრიამდელ მაჩვენებელს მხოლოდ 1.5 გრადუსი ცელსიუსით აღემატება, ტროპიკები გადაურჩებიან კატასტროფას, სხვა შემთხვევაში კი ცხოვრება ამ განედებში გაუსაძლისი გახდება.

კვლევა, რომელიც 8 მარტს ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა, დაფუძნებულია გაგრილების ზღვრული ტემპერატურის გაზომვებზე, რომელიც ითვალისწინებს სითბოსა და ტენიანობას და სითბოს ინდექსის მსგავსია.

"მთავარი იდეა ისაა, რომ ადამიანების ორგანიზმს არ აქვს რეაქცია მხოლოდ ტემპერატურაზე, მასზე გავლენას ახდენს ტენიანობაც", — ამბობს კრისტინა დალი, კლიმატის მეცნიერი, რომელიც კვლევაში არ იყო ჩართული.

სხეულს თვითგაგრილების უნარი აქვს, რასაც იგი ოფლიანობით და შემდეგ კანიდან ოფლის აორთქლებით ახერხებს. სითბოსა და ტენიანობის გარკვეულ მაჩვენებელზე ამ პროცესის შესრულება "თერმოდინამიკურად რთულდება", — ამბობს დალი.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადამიანის გამძლეობის ზედა ზღვარი გაგრილების ზღვრული ტემპერატურით 35 გრადუსი ცელსიუსია.

ადამიანები ინდივიდუალურები არიან და მათ სხვადასხვა რაოდენობის სითბოს ატანა შეუძლიათ, თუმცა გაგრილების ზღვრული ტემპერატურის 35 გრადუსი ცელსიუსი ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობას შეუქმნიდა საფრთხეს.

ადამიანის საშუალო შინაგანი ტემპერატურა 37 გრადუსი ცელსიუსია. კანის ტემპერატურა მასთან შედარებით ოდნავ დაბალი უნდა იყოს, ხსნის იი ჯანგი, კვლევის მთავარი ავტორი.

"მაღალი შინაგანი ტემპერატურა არა მხოლოდ სახიფათო, არამედ ლეტალურიცაა", — ამბობს ჯანგი, პრინსტონის უნივერსიტეტის ატმოსფერული და ოკეანური მეცნიერებების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

კვლევისთვის ჯანგმა და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს, თუ რა გავლენას მოახდენს გაგრილების ზღვრულ ტემპერატურაზე გლობალური დათბობა ტროპიკებში (ეკვატორიდან დაახლოებით 20 გრადუსით სამხრეთით და ჩრდილოეთით). ეს მოიცავს ამაზონის ტროპიკულ ტყეებს, აფრიკის დიდ ნაწილს, ინდოეთის ნახევარკუნძულს და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ნაწილს.

კვლევისთვის მეცნიერებმა ამინდის სადგურის ათწლეულების მონაცემები შეისწავლეს და გამოთქვეს აზრი, რომ ტროპიკულ რეგიონებში ადგილობრივ გაგრილების ზღვრულ ტემპერატურაზე გავლენას მარტივი ატმოსფერული დინამიკა ახდენს.

ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ისინი ამბობენ, რომ თუ დედაიწაზე ინდუსტრიამდელ პერიოდთან შედარებით მხოლოდ 1.5 გრადუსით მაღალი საშუალო ტემპერატურული მაჩვენებელი შენარჩუნდება, ამან, შესაძლოა, ტროპიკებზე გადარჩენის ზღვარზე დაბალი ტემპერატურის შენარჩუნებას შეუწყოს ხელი.

პარიზის შეთანხმების მიზანი არის შეამციროს გლობალური დათბობის ეფექტი 2 გრადუს ცელსიუსამდე, უკეთეს შემთხვევაში კი 1.5 გრადუს ცელსიუსამდე მაინც, ინდუსტრიამდელ დონესთან შედარებით.

უახლესი პროგნოზები ხაზს უსვამს შეთანხმების უდიდეს მნიშვნელობას, ამბობს დალი, კლიმატის მეცნიერი Union of Concerned Scientists-ის წევრი.

აღსანიშნავია, რომ სითბოს ტალღები ხშირად იწვევენ ფატალურ დაავადებებს. დათბობა გარკვეულწილად ხელს უწყობს ჰაერის დაბინძურებას, რაც, თავის მხრივ, ისეთი ქრონიკული დაავადებების გაუარესებას გამოიწვევს, როგორიცაა გულისა და ფილტვების დაავადებები.

სამედიცინო ორგანიზაციების გაერთიანებამ — Medical Society Consortium on Climate and Health განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა რიგი ეფექტები ჯანმრთელობაზე, რომლებიც გლობალურ დათბობასთანაა დაკავშირებული. იგი ხელს უწყობს ისეთი დაავადებების გავრცელებას, როგორიცაა ლაიმის დაავადება და ზიკას ვირუსი. გარდა ამისა, დათბობის შედეგად იმატებს საკვებისა და წყლის მარაგების დაბინძურების ინტენსივობა, რაც ზღვის დონის მატებასთან, ძლიერ წვიმებთან და წყალდიდობებთანაა დაკავშირებული.

ჯანგმა განაცხადა, რომ დამატებითი კვლევის ჩატარებაა საჭირო გაგრილების ზღვრული ტემპერატურის 35 გრადუსი ცელსიუსზე ჯანმრთელობაზე გლობალური დათბობის მთლიანი ეფექტის შესაფასებლად.

რა არის საჭირო გლობალური დათბობის ეფექტის შესამცირებლად? დალის მიხედვით, ამ კითხვის მოკლე პასუხია წიაღისეული საწვავის (ნავთობი, ქვანახშირი და ბუნებრივი აირი) გამოყენების შემცირება და ენერგიის სუფთა წყაროებიდან მიღება (მზისა და ქარის ენერგია).

ადამიანის საქმიანობით წარმოქმნილი აირები — უმეტესად ნახშირორჟანგით, აზოტის ოქსიდითა და მეთანით — 1950 წლიდან აბინძურებენ ატმოსფეროს.

აშშ-ში, ენერგეტიკის ინფორმაციის ადმინისტრაციის მიხედვით, აღნიშნული აირების ემისიების უდიდესი ნაწილი სწორედ წიაღისეული საწვავის გამოყენებაზე მოდის.