შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ფონიჭალის დასახლებასა და მარნეულში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და ამის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. მათივე თქმით, პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები, 45 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი და ფული ამოიღო.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 8 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.