რაგბის კავშირის პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე იმარეთბა. აქციის მონაწილეები დღევანდელ ყრილობას უკანონოს უწოდებენ. ადგილზე მობილიზულია პოლიციაც.

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი სოსო ტყემალაძეა.

განახლება: თბილისის პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად რაგბის კავშირის ყრილობა მიმდინარეობს, არავინ დაუკავებიათ.

"როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობდა რაგბის ყრილობა. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, საპატრულო პოლიციის და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. ამ ეტაპისთვის არის მშვიდი ვითარება. იყო გარკვეული დაძაბულობა, რომელიც პოლიციის მხრიდან განიმუხტა და პოლიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ ადგილზე შევინარჩუნოთ მშვიდი ვითარება და ადგილი არ ჰქონდეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებს. დაკავებული არავინ არაა", — ამბობს ვაჟა სირაძე.

2020 წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში არჩეულ კანდიდატს, ირაკლი აბუსერიძეს საჯარო რეესტრმა უარი კავშირის წესდების საფუძველზე უთხრა. რეესტრის განმარტებით, არჩევნები კავშირის ბოლო კრებიდან, გასული წლის 24 თებერვლიდან, 30 დღეში უნდა ჩატარებულიყო. რეალურად კი იგი 10 თვის შემდეგ, 30 დეკემბერს გაიმართა. გარდა ამისა, მათ ირაკლი აბუსერიძეს დამატებითი დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვეს.

მიმდინარე წლის 22 იანვარს ირაკლი აბუსერიძემ საჯარო რეესტრში ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა, სადაც ის არ დაეთანხმა მისთვის დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნას. საჯარო რეესტრმა საბოლოო გადაწყვეტილება აბუსერიძისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 8 თებერვალს მიიღო. სწორედ ამის შემდეგ ჩაინიშნა ახალი არჩევნები, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ ერთადერთი კანდიდატი, სოსო ტყემალაძე იღებდა მონაწილეობას.

რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის, გიორგი მაჭავარიანის ინფორმაციით, მომდევნო ყრილობა 10-დან 30 დღის შუალედში უნდა ჩატარდეს. ზუსტად როდის გაიმართება კავშირის პრეზიდენტის ახალი არჩევნები ჯერჯერობით უცნობია.

გაიგეთ მეტი: