დომინიკურმა გაზეთმა El Nacional-მა ტრამპის ნაცვლად შეცდომით ამერიკელი მსახიობის, ალეკ ბოლდუინის, ფოტო დაბეჭდა, რისთვისაც მან საჯაროდ ბოდიში უკვე მოიხადა. ინფორმაციას ABC ავრცელებს.

ბოლდუინი SNL-ში ამერიკის პრეზიდენტის პაროდიას აკეთებს.

სტატიაში, რომელიც ესპანურ ენაზეა, საუბარია ტრამპისა და ისრაელის ურთიერთობაზე და ერთმანეთის გვერდიგვერდ მსახიობ ალეკ ბოლდუინის და ისრაელის პრემიერმინისტრის ბინიამინ ნეთანიაჰუს ფოტოა გამოქვეყნებული.

შაბათს საღამოს, გაზეთის ოფიციალურ ვებსაიტზე ოფიციალური წერილი გამოქვეყნდა, რომელშიც გამოცემა ბოდიშს უხდის მკითხველს შეცდომისთვის და დასძენს, რომ რედაქციის თანამშრომლებისთვის შეცდომა შეუმჩნეველი დარჩა:

"El Nacional ბოდიშს უხდის მკითხველს და ყველას, ვისაც ჩვენი შეცდომა შეეხო".

დონალდ ტრამპმა იუმორისტული გადაცემა და მისი მსახიობები საკუთარი პაროდიისთვის რამდენჯერმე გააკრიტიკა და თქვა, რომ, ის სულაც არაა სასაცილო, ხოლო NBC-ს ცუდი ტელევიზია უწოდა.

30 წელზე მეტია, რაც Saturday Night Live NBC-ის ეთერში გადის.