სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ონიკ გასპარიანი თანამდებობიდან გადააყენა. გასპარიანის პოსტიდან მოხსნის შესახებ განცხადება ფაშინიანის ოფიაციალურ ვებგვერდზე დღეს, 10 მარტს გამოქვეყნდა.

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 25 თებერვალს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ფაშინიანის მიერ გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის, ტირან ხაჩარიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მწვავე უკმაყოფილება გამოხატა.

განცხადებას, რომელსაც ხელი გენერალური შტაბის უფროსი, მისმა მოადგილეები და სამ ათეულზე მეტი სამხედრო მეთაური აწერდა, ნათქვამი იყო, რომ პრემიერმინისტრსა და მთავრობას გონივრული გადაწყვეტილებების მიღება აღარ შეუძლიათ. ეს ყველაფერი ფაშინიანმა სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა, რასაც პოლიტიკური დაპირისპირება მოჰყვა. სომხეთის დედაქალაქში მოქმედი პრემიერმინისტრისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციები დღემდე გრძელდება. პარალელურად იმართება ფაშინიანის მხარდაჭერთა აქციებიც.

სომხეთში მოქმედი პრემიერმინისტრისადმი უკმაყოფილების ტალღა 2020 წლის სექტემბერში აზერბაიჯანთან ომის შედეგების შემდეგ დაიწყო. 10 ნოემბერს, გვიან ღამით, მოულოდნელად, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. სომხეთს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემა მოუწია, ხოლო ლაჩინში შეიქმნა დერეფანი, სადაც რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ.

სომხეთისთვის ომის არასახარბიელოდ დასრულების გამო, ერთ დროს მოსახლეობისგან მხარდაჭერილი პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მაშინვე დაიწყო. ოპოზიცია და აქტივისტები მის გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ.

2020 წლის სექტემბრის ბოლოს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში შეტაკებები განაახლეს და პროვოკაციებში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 40-დღიანი ომის შემდეგ, 9-10 ნოემბერს მოსკოვში სამხრივი შეთანხმებით დასრულდა.