პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი TV პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება და ამბობს, რომ ჩანაწერებში ასახულია ძალადობრივი კულტურა, რომელსაც ბევრი ახალგაზრდა შეეწირა. მთავარი არხის ეთერში ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ამ ტიპის მენტალიტეტი უნდა გავუშვათ ქვეყნიდან, მაგრამ, "თურმე, უმაღლესი თანამდებობის პირები ასე აზროვნებენ".

"აი ის ძალადობრივი კულტურა, რომელიც ამ ჩანაწერში ჩანს და უკვე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაც აღარ გამოდის, თვითონ ადასტურებენ, რომ დადიოდა ასე კარდაკარ და რაღაც "აღმზრდელობით სამუშაოებს" უტარებდა.

ამას შეეწირა შაქარაშვილი, ამას შეეწირა სარალიძე, ამ ტიპის ურთიერთობებს შეეწირა ლუკა სირაძე, ამ ტიპის მენტალიტეტს შეეწირა მერებაშვილი და ბევრი სხვა ბიჭი, თუ გოგო. აი, ეს არის ის უბედურება, ის ავადმყოფური მენტალიტეტი, რომელიც უნდა ამ ქვეყნიდან როგორღაც გავუშვათ და თურმე, უმაღლესი თანამდებობის პირები ასე აზროვნებენ", — განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

სამი დღის შემდეგ, 9 მარტს, ბერა ივანიშვილმა განაცხად, რომ 2011 წელს მისი ფანების მშობლებმა ბულინგის შესახებ აცნობეს და დაცვის სამსახურმა "ყველა კანონის, მორალის დაცვით მოინახულა" ისინი. ბერა ივანიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, აუცილებლად მოსთხოვს პასუხს დღესაც.

გაიგეთ მეტი: