თანასწორობის მოძრაობა არ იზიარებს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული კრიტიკა ნაწილობრივ ჰომოფობიურია.

"თანასწორობის მოძრაობა არ იზიარებს მინისტრის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას. მაშინ როდესაც სახელმწიფომ დღემდე ვერ გასცა დამაჯერებელი პასუხები პროექტის უსაფრთხოებასა და ინვესტორთან (შპს ენკა რინიუებლზ) დადებული ხელშეკრულების ცალკეულ პრობლემურ ნაწილებთან დაკავშირებით. პროექტის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, ადგილობრივ მოქალაქეებთან ინტენსიური კომუნიკაციის და საჯარო დისკუსიების ნაცვლად, სახელმწიფო ცდილობს ლგბტქ+ თემის უფლებებით მანიპულირებასა და ინსტრუმენტალიზაციას და შესაბამისად, ჰესებთან დაკავშირებული რეალური პრობლემების გადაფარვას", — წერია განცხადებაში.

თანასწორობის მოძრაობა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ადგილობრივი აქტივისტების პროტესტს ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ. ისინი მოუწოდებენ სახელმწიფოსა და პოლიტიკური თანამდებობების პირებს,"ლგბტქ+ თემის უფლებების ინსტრუმენტალიზაციისა და სამოქალაქო დაპირისპირების წახალისების ნაცვლად, უზრუნველყონ თანასწორობასა და სოციალურ სამართლიანობაზე დაფუძნებული მიდგომების გატარება".

თურნავამ დღეს განაცხადა, რომ ნამახვანჰესის ინვესტორი თურქული კომპანია ENKA-ს მიმართ ქსენოფობიური და ჰომოფობიური განცხადებები ისმის. როგორც პარლამენტში მოხსენების წარდგენისას თქვა, ყველაზე მეტი კითხვა, სწორედ ინვესტორისთვის მიწის გადაცემას ეხება.