"მე ნუ ჩამეჩრებით სიტყვაში თუ შეიძლება, თუ გაინტერესებთ რას ვიტყვი, მომისმინეთ და ვიტყვი. თუ არადა, თქვენი კითხვები არ მაინტერესებს მე. მე ვამბობდი სიტყვას და შემაწყვეტინეთ", — ასე მიმართა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ ჟურნალისტებს. როდესაც ჟურნალისტმა სცადა მიტროპოლიტისთვის ეთქვა, რომ მის წასვლას მისივე მოწინააღმდეგეები ითხოვენ, მან უპასუხა, რომ ესენი არა მისი, არამედ ეკლესიის მოწინააღმდეგეები არიან და შემდეგ ამ ფორმით მიმართა.

გარდა ამისა, მიტროპოლიტი სტეფანე აცხადებს, რომ ეპარქიის დატოვება არ აპირებს.

"საინტერესო კითხვებს სვამთ. აი, რატომ გაინტერესებთ ასეთი კითხვების დასმა ვერ გავიგე, რა — "აპირებთ თუ არა დატოვებას" — არაფერს არ ვაპირებ, არ ვთქვი მე გუშინ? რა მაქვს დასატოვებელი კაცო", — განუცხადა მან ჟურნალისტებს.

მისი თქმით, რამდენიმე სასულიერო პირმა, რომელიც "არაეკლესიური წესებით" ცხოვრობს და მოქმედებს, შეკრიბა ხალხი, "შეთქმულება მოაწყვეს" მაშინ, როცა მას სამღვდელოების კრება ჰქონდა. მისი თქმით, იქ პრესა და მრევლი არ უნდა ყოფილიყო, რადგან მათ აქვთ წესი ერთმანეთთან ილაპარაკონ.

8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში მეორე სართულის აივანზე მოაჯირის ჩანგრევის შედეგად 10-მდე ადამიანი გადავარდა. არიან დაშავებულები, მათ შორის, ჟურნალისტებიც. დაშავებულებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ.

გარდა ამისა, ეპარქიაში ერთ-ერთი სასულიერო პირი მთავარი არხის ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურად შეეხო.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა მარტვილის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას მეუფე სტეფანეს აკისრებს. როგორც ის აცხადებს, "შენს რეზიდენციაში, როცა შენ ხარ მასპინძელი, ადამიანები 4-5 მეტრის სიმაღლიდან რომ გადაცვივდებიან, მთელი პასუხიმგებლობა შენზეა". თუმცა, მიტროპოლიტმა სტეფანემ დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად "გალობა" დაიწყო.

ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე შსს-მს გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში On.ge-ს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.