ინფორმაციული თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, IDFI-მ ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

"კომენდანტის საათი არ არის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის ორდინარული ღონისძიება. მისი ეფექტები არსებით ზიანს აყენებს სხვა კონსტიტუციური უფლებებით დაცულ სფეროებს. მაგალითად, გამოხატვის თავისუფლებას, პროფესიული საქმიანობის განხორციელებას, ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებას, პირად ცხოვრებას. იშვიათი გამონაკლისების გარდა, კომენდანტის საათის ეფექტები ინტენსიურად ზღუდავს თითქმის ყველა კონსტიტუციურ უფლებას", — ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაცია ეხმაურება დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის დღევანდელ განცხადებას, რომ ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების საკითხი ჯერ დღის წესრიგში არ დგას. გამყრელიძის თქმით, ყოველი შემსუბუქების შემდეგ, 1-2 კვირა უნდა გავიდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება სხვა შეზღუდვების შემსუბუქებაზე საუბარი.

"ამგვარი დამოკიდებულება ცხადად მიუთითებს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არ/ვერ იაზრებს კომენდანტის საათიდან მომდინარე უფლების შეზღუდვის სიმწვავეს და მას არ იყენებს, როგორც უკიდურესად აუცილებელ ღონისძიებას. ასეთი მიდგომით, კომენდანტის საათი უწყვეტად შეიძლება გაგრძელდეს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ვაქცინაციამდე", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

IDFI-ში ხაზს უსვამენ კომენდანტის საათის სიმკაცრეზე და აცხადებენ, რომ უნდა არსებობდეს საგამონაკლისო ნორმატიული კრიტერიუმები.

"ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, კომენდანტის საათის გავრცელება გამოხატვის თავისუფლების რეალიზების მიზნით განხორციელებულ აქტივობებზე (შეკრებებსა და მანიფესტაციებზე)", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაცია აპირებს ამავე საკითხზე, უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართოს.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, დღეს კიდევ ერთმა ორგანიზაციამ, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგს ცენტრმა (EMC) გაავრცელა განცხადება. EMC აპირებს შეზღუდვების დარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციების საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.

გაიგეთ მეტი: