ამერიკული მედიაგამოცემები იტყობინებიან, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ორ გერმანულ ნაგაზს თეთრი სახლის დატოვება მოუხდა. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მათგანის მიერ გამოჩენილი "აგრესიული ქცევის" გამო ძაღლები მშობლიურ დელავერის შტატში დააბრუნეს.

CNN-ის ცნობით, ძაღლების უილმინგტონის სახლში დაბრუნების მიზეზი 3 წლის მეიჯორის საქციელი გახდა — თეთრი სახლის დაცვა ირწმუნება, რომ ცხოველმა მას უკბინა. დაზარალებულის მდგომარეობა უცნობია, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ინციდენტი იმდენად სერიოზული იყო, რომ ორივე ძაღლი უაპელაციოდ მიაბრძანეს პრეზიდენტის რეზიდენციიდან.

მეიჯორ ბაიდენი.

ფოტო: Win McNamee / Getty Images

ბაიდენს ორი გერმანული ნაგაზი ჰყავს — 13 წლის ჩემპი და 3 წლის მეიჯორი. ჩემპი, ასაკის გამო, აქტიურობით მაინცდამაინც არ გამოირჩევა, თუმცა, მეიჯორი, წყაროების ცნობით, თეთრ სახლს "იკლებს" — დარბის, დახტის და თანამშრომლებს უყეფს.

მეიჯორი ბაიდენების ოჯახმა 2018 წელს აიყვანა დელავერის ძაღლთა თავშესაფრიდან. იგი პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიაშიც იყო ჩართული, ბაიდენის გამარჯვების შემდეგ კი თავშესაფრიდან აყვანილი პირველი ძაღლი გახდა, რომელსაც ბედმა თეთრ სახლში ცხოვრება არგუნა. მეიჯორს, პატრონის გაპრეზიდენტებამდე რამდენიმე დღით ადრე, მშობლიური თავშესაფრის ადმინისტრაციამ "ინაცუგურაციაც" კი მოუწყო.

ჩემპი თანამდებობის პირების ეტიკეტს მეტ-ნაკლებად იცნობს, რადგან ბაიდენის ვიცეპრეზიდენტობისას ვაშინგტონში ცხოვრება მოუხდა. მისგან განსხვავებით, მოუსვენარი მეიჯორის ხასიათი საგანგებო წვრთნის კურსებმაც ვერ შეცვალეს. ჯილ ბაიდენის თქმით, ერთადერთი ადგილი, სადაც ძაღლებს ასვლა ეკრძალებათ, ავეჯია, თუმცა, აღიარა, რომ ამ წესს მეიჯორი დიდ ყურადღებას არ აქცევს.

მეიჯორის მწვრთნელი აღსაზრდელის თავნებობას მისი ამბის უჩვეულობას მიაწერს და დასძენს, რომ მას იმაზე "მეტი სადარდებელი აქვს", ვიდრე ჩვეულებრივ ძაღლებს.