გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის თქმით, 19 წლის ფეხბურთელის მკვლელობაში 5 პირის დამნაშავედ ცნობა ობიექტური სასჯელია სასამართლოს მხრიდან.

"რა თქმა უნდა, განაჩენი არის სრულიად ობიექტური, აბსოლუტურად. ეს იყო ზუსტი, იდენტური ასახვა ჩადენილი დანაშაულისა, დამნაშავე პიროვნებების, მათი დამოკიდებულებისა მომხდარ ფაქტთან. საბოლოო ჯამში, ეს აისახა ძალიან სწორ სასჯელში", — აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს, 9 მარტს გამოაცხადა: ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძესა და არასრულწლოვნებს: ზ.ხ.-და და ა.ქ.-ს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავებოდა. სრულწლოვან ბრალდებულებს სასამართლომ 16-16 წელი მიუსაჯა, ხოლო არასრულწლოვნების სასჯელის ზომა 16 მარტს გახდება ცნობილი.

პროკურატურა ამბობს, რომ მათ გიორგი შაქარაშვილი სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს, რა დროსაც ის გარდაიცვალა.