სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმღვანელი და ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ ფარული ჩანაწერებში 2010-2011 წლის საუბრებია ასახული და ის დანაშაული კი არა "ჭორაობა" უფრო იყო. მისი თქმით, დანაშაული ამ ჩანაწერების მოპოვება, მოდელირება და გავრცელებაა.

"ჩანაწერები, რომელიც სრულიად უკანონოდ იყო მოპოვებული 2010-2011 წელს, სამი ადამიანის, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანის და რაზეა ლაპარაკი; რაც გინდათ ის დაარქვით ამ საუბრებს, გნებავთ ჭორაობა ვუწოდოთ ხომ და ეს არის დანაშაული? მე ვფიქრობ, რომ დანაშაული არის ზუსტად, აი, ეს მისი უკანონო მოპოვება, მისი შენახვა, შემდეგ მისი მოდელირება და გავრცელება", — აცხადებს ის იმედთან ინტერვიუში.

ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ ბერა ივანიშვილის ლანძღვის გამო რამდენიმე ახალგაზრდას შეხვდა და მათ მშობლებს ელაპარაკა. თუმცა, აცხადებს, რომ ამ შეხვედრებზე იყო არა მუქარა, როგორც ეს ჩანაწერებში ჩანს, არამედ "პოზიტიური" საუბრები უფროსებთან ერთად.

გარდა ამისა, ჩუბინიძე ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილი მსგავს შეხვედრებში ჩართული არასდროს ყოფილა და ამ დროს ის არა პრემიერმინისტრი, არამედ ქართუ ფონდის პრეზიდენტი იყო. რაც შეეხება თავად მას, ამტკიცებს იმასაც, რომ "ამაყად შეუძლია თქვას", რომ არასდროს არავიზე არ განუხორციელებია ზემოქმედება.

TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

ჩანაწერებს ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერი გამოეხმაურა. მაგალითად, პარტიის აღმასრულებელმა მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, ჩანაწერები 2010 წლისაა და "ფაბრიკაციაა". მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ "2011 წელს არის გაკეთებული ჩაწერები, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული".

ამ დროისთვის უცნობია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები. ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერმა ჯერ კიდევ გადაცემის ანონსის შემდეგ თქვა, რომ ეს არის "ფაბრიკაცია" და "შეკოწიწებული". თავდაპირველად ჩანაწერის გაკეთების თარიღად მათ 2011 წელი დაასახელეს, შემდეგ კი — 2010. ჩანაწერებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ ისმის სავარაუდო ძალადობისა და მომავალი ძალადობის გეგმების შესახებ. კომენტარები არ გაუკეთებიათ არც პრემიერმინისტრ ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს.

ჩანაწერების გავრცელების შემდეგ რამდენიმე მუსიკოსმა და მოქალაქემ განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილზე არასასურველი კომენტარისა და განცხადებების გამო, მათ ემუქრებოდნენ.