გაეროს კვლევის თანახმად, რომელიც CRRC საქართველოს მიერ მოსახლეობის გამოკითხვით ჩატარდა, ქართველების, დაახლოებით, ნახევარი აღნიშნავს, რომ პანდემიის გამო, სამუშაო საათები შეეცვალა ან სამსახური დაკარგა.

ამავე კვლევის თანახმად, ქალები უფრო ხშირად აცხადებენ სამსახურის დაკარგვის შესახებ, ვიდრე კაცები.

ყოველი მეხუთე გამოკითხული ამბობს, რომ ანაზღაურებადი სამუშაოდან დაბალი შემოსავალი აქვს.

2020 წლის მაისსა და ოქტომბერში ჩატარებული კვლევები გამოვლინდა, რომ პანდემიის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა მნიშვნელოვანი ეკონომიკური წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. ოქტომბერში გამოკითხულთა 17%-მა (დასაქმებული ქალების 20%-მა და დასაქმებული კაცების 15%-მა) განაცხადა, რომ დაკარგა სამუშაო, ხოლო 43%-მა (კაცების 49%-მა და ქალების 39%-მა) აღნიშნა, რომ მათი შემოსავალი შემცირდა.

"ეს მონაცემები თავისთავად საგანგაშოა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მაისის მდგომარეობასთან შედარებით, ოქტომბერში გარკვეული გაუმჯობესება შეიმჩნეოდა. მაისში, გამოკითხულთა 32% აცხადებდა, რომ დაკარგა სამსახური, ხოლო შემოსავლების შემცირებას მოსახლეობის 82% აღნიშნავდა", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

კვლევის შედეგების მიხედვით, სამსახურისა და შემოსავლის დაკარგვის ალბათობა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლთა შემთხვევაში სამჯერ უფრო მაღალია.

გაეროს კვლევის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვების შედეგად, საქართველოში გაიზარდა უმუშევრობა, შემცირდა შემოსავლები, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ აღმოჩნდა. ასევე, გამოვლინდა ოჯახში ძალადობის ზრდის ნიშნებიც. პანდემიამ განსხვავებული გავლენა მოახდინა სხვდასხვა სქესის, პროფესიისა თუ ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანებზე. გარდა ამისა, მისი შედეგების სიმძაფრე, ასევე, განსხვავდება ქვეყნის რეგიონების მიხედვით.

პანდემიის გენდერული შეფასება გაეროს სამი სააგენტოს — გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ინიციატივით განხორციელდა. საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა ორგანიზაციამ „CRRC საქართველო“ 2020 წლის ოქტომბერში, ხოლო მისი შედეგები შედარებულია გასული წლის მაისში ჩატარებული მსგავსი კვლევის მიგნებებთან.