საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თე წულუკიანის თქმით, პროკურორი რომ იყოს გამოიძიებდა ვინ და რატომ ჩაიწერა არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი. ასე ეხმაურება იგი TV პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყებას, რომლის ავთენტურობა და ჩაწერის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.

"მე რომ ვიყო პროკურორი-მეთქი, გამოვიძიებ სწორედ იმას, ვინ ჩაიწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, რა მიზნით ჩაიწერა. შემდეგ, როგორ მოხვდა ეს ჩანაწერი იქ, სადაც მოხვდა, ანუ რომელიღაც ერთ, პარტიულ ტელევიზიაში. რა მიზნით დამონტაჟდა ასე უსინდისოდ ეს ჩანაწერი და რა მიზანს ისახავდა", — განაცხადა თეა წულუკიანმა.

6 მარტს, TV პირველის ეთერში გასულ ჩანაწერებზე გამოძიება პროკურატურამ დღეს, სამი დღის შემდეგ დაიწყო.

"გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე", — ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურა არაფერს ამბობს იმაზე, დაინტერესდა თუ არა სავარაუდო ძალადობის ფაქტებით, რაზეც ჩანაწერშია საუბარი.

ჩანაწერებში, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

ამ დროისთვის უცნობია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები. ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერმა ჯერ კიდევ გადაცემის ანონსის შემდეგ თქვა, რომ ეს არის "ფაბრიკაცია" და "შეკოწიწებული". თავდაპირველად ჩანაწერის გაკეთების თარიღად მათ 2011 წელი დაასახელეს, შემდეგ კი — 2010. ჩანაწერებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ ისმის სავარაუდო ძალადობისა და მომავალი ძალადობის გეგმების შესახებ. კომენტარები არ გაუკეთებიათ არც პრემიერმინისტრ ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს.

გაიგეთ მეტი: