მოძრაობა რიონის ხეობის მცველების აქტივისტი, ვარლამ გოლეთიანი ეკონომიკის მინისტრს პასუხობს და ამბობს, რომ ცდილობენ, ნამახვანჰესთან დაკავშირებული კითხვები ქსენოფობიად წარმოაჩინონ. პარლამენტის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას გოლეთიანმა აღნიშნა, რომ ხეობის გადაცემით ხელისუფლება საფრთხეებს ვერ აცნობიერებს.

"როცა თქვენ ამასთან დაკავშირბულ კითხვებს, რაც მოსახლეობაში ჩნდება, პირადაპირ საკითხის დისკრედიტაციას ახდენთ და ცდილობთ, რომ ქსენოფობიად წარმოაჩინოთ ეს კითხვები, ეს არის თქვენი პრობლემა. ეს ხალხი აბსოლუტურად გამართულ კითხვებს სვამს იმასთან დაკავშირებით და არავითარ შეურაცხყოფებზე საუბარი არაა.

ჩვენი დამოკიდებულება ყველამ კარგად ნახა, როცა ბატონი ზეკი, კომპანიის დირექტორი მოვიდა ჩვენთან და შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაციით გამოირჩეოდა და პირადად მე მომაყენა შეურაცხყოფა. არავის იქ ადეკვატური რეაქცია არ ჰქონია. აქედან გამომდინარე კარგად ჩანს და უნდა ხედავდეთ, თუ დანახვა გინდათ, არავის ის მიზანდასახულობა არ აქვს, რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ან ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს მოქალაქეებს რამე სახის შეურაცხყოფა მიაყენოს", — აღნიშნავს გოლეთიანი.

როგორც აქტივისტი ამბობს, ადგილობრივებისთვის რიონის ხეობის გადაცემა პრობლემურია და მიაჩნიათ, რომ ეს ასპექტები გრძელვადიან პერსპექტივაში გამოხატული იქნება.

ჩვენ გვაქვს პრეტენზია თქვენთან, როგორც ჩვენს ხელისუფლებასთან, რომ მიგვაჩნია ჩვენ, ათასობით ადამიანს, რომ ხეობის გადაცემა არის პრობლემა და ის ბევრი ასპექტით იქნება გამოხატული გრძელვადიან პერსპექტივაში.

"ახლა რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ყველანი ერთად, ოპოზიციური სპექტრი და ხელისუფლებაც ერთ ხაზზე დალაგდით და ჩვენ, მოსახლეობა მეორე მხარეს ვართ. ეს, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა და რაღაცნაირად ცდილობთ, რომ ჩვენი მარგინალიზება, ძირითადი ნაწილის, დიდი ნაწილის მოახდინოთ. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამის საშუალებას, მე ვფიქრობ, რომ თქვენ არავინ არ მოგცემთ. უმრავლესობის აზრი, არგუმენტებზე დაფუძნებული აზრი, არის უპირატესი", — აღნიშნავს გოლეთიანი.

დღეს, 9 მარტს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის საკითხთა გაერთიანებულ კომიტეტზე ჰესების მშენებლობის შეჩერებისთვის პეტიციას განიხილავენ. პეტიციის 10 ათასზე მეტი ხელმომწერი მოითხოვს, რომ რაჭა-ლეჩხუმში ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა შეჩერდეს. ჰესებთან დაკავშირებით მოხსენებით ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი წარდგნენ.

ნამახვანიჰესის კასკადი მდინარე რიონზე უნდა აშენდეს და ორ ჰესს მოიცავს, ქვემო და ზემო ნამახვანჰესს. ორივე ჰესი ერთად 433 მგვტ სიმძლავრის იქნება. პროექტი 850 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და იგეგმება, რომ კასკადი ექსპლუატაციაში 2025-2026 წელს შევიდეს. პროექტს კომპანია ენკა რინიუებლზ ახორციელებს.

ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ ჟონეთში ოთხი თვეა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ისინი ხეობიდან კომპანიის გასვლასა და მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. ამავე დროს, ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არაა ნაჩვენები ნამახვანჰესის სიკეთეები და მეტი კომუნიკაციაა საჭირო.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, ნამახვანჰესის ხელშეკრულებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს.

EMC-ს პასუხად, ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული დასკვნა სპეკულატიური და დილეტანტურია. გარდა ამისა, სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული პროექტი ენერგოდამოუკიდებლობსკენ გადადგმული ნაბიჯია.