ჰარი პოტერის ფილმების სერიის გულმხურვალე ფანებისთვის სულ მცირე დეტალებიც კი, რაც ამ ჯადოსნურ სამყაროს უკავშირდება, ძვირფასი და მნიშვნელოვანია, რომ აღარაფერი ვთქვათ ფილმში მონაწილეობაზე, მეტიც — ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულებაზე.

ასეთი იღბლიანი აღმოჩნდა რუპერტ გრინტი, რომელსაც რონ უიზლის განსახიერება ერგო პატივად, თუმცა მის ირგვლივ ყველაფერი ბოლომდე ისე ზღაპრულად არ განვითარებულა, როგორც შორიდან შეიძლება წარმოგვედგინოს.

ამ ბრიტანელმა მსახიობმა ცოტა ხნის წინ დექს შეპარდის პოდკასტში თავის გამოცდილებაზე ისაუბრა:

"ხანდახან სული მეხუთებოდა, რადგან მთელი პროცესი ძალიან მძიმე და რთული აღმოჩნდა: ათი წლის განმავლობაში ყოველდღე მხოლოდ ამის კეთება მიწევდა", — თქვა რუპერტ გრინტმა.

მან ხაზი გაუსვა იმ წნეხს, რომელიც ძალიან მცირე ასაკიდან დააწვა მხრებზე, რადგან მისკენ მსოფლიოს ყურადღება იყო მიპყრობილი:

"ცხადია, ეს შესანიშნავი გამოცდილება იყო. რადგან მთელ პროექტზე ძირითადად ერთი შემოქმედებითი გუნდი მუშაობდა, ოჯახური ატმოსფერო იყო და მათ გარემოცვაში ყოფნაც სასიამოვნო იყო. მაგრამ ამავდროულად ვგრძნობდი, რომ სხვა რამის გაკეთებაც მინდოდა. მინდოდა გამეგო, რა ხდებოდა ამ ყველაფრის მიღმა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ეს უბრალოდ არასდროს დასრულდებოდა: ყოველ წელს კვლავ იქიდან ვიწყებდით, სადაც დავასრულეთ. ეს ზაზუნას დღეს ჰგავდა: იგივე ადგილი, იგივე ხალხი. თუმცა ყველაფერი მაინც დიდებული იყო და მსიამოვნებდა ამის კეთება".

ფოტო: Warner Bros.

ერთგული მაყურებლებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ რონ უიზლის როლის შემსრულებელს ჰარი პოტერის ფილმების სერიის მხოლოდ პირველი ფილმი აქვს ნანახი და ამჯერადაც დაადასტურა, რომ სხვა ნაწილები კვლავ არ უნახავს:

"ჯერ ისევ არ ვარ მზად ამისთვის. არ შემიძლია, ჩემს თავს თვალი გავუსწორო, პერსონაჟისგან გამოცალკევებას ვერ ვახერხებ", — აღნიშნა მან.

რუპერტ გრინტმა ისიც თქვა, რომ ფილმში ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი იმ ვარცხნილობით გამოჩენას ნანობს, რომლითაც ეკრანებზე ვიხილეთ:

"ყველას აქვს ის ეტაპი, როცა თმის გაზრდა უნდება. აქაც ეგეთი შემთხვევა იყო. ჩვენი მომწიფების პერიოდმა კამერის წინ ჩაიარა".

ფოტო: Warner Bros.

მსახიობისგან, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი გმირი გვაჩუქა, მსგავსი ამბების მოსმენა ერთდროულად ძალიან საინტერესო და სევდიანია.

თუმცა თუ მისი ხილვა სრულიად განსხვავებულ ამპლუაში გინდათ, შეგიძლიათ ახალ სერიალს Servant უყუროთ, რომელშიც რუპერტ გრინტი მონაწილეობს.

ამ შოუს მეორე სეზონის ტრეილერი ქვემოთ მოცემულ ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ: