ქართული ოცნების წევრი ირაკლი ზარქუა ფიქრობს, რომ ეკოლოგისტებს რომ ქვეყანა დაუთმო არაფერი არ აშენდება და ეკონომიკა არ იარსებებს. ამის შესახებ მან პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც რიონის ხეობაში ჰესების მშენებლობის საკითხს განიხილავენ.

"სად არის ბატონი ზვიადი ტომარძე. ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა და მე მხარს ვუჭერ, რადგან თავის პროდუქციას მხარს უჭერს და გვერდში უდგას და ა.შ. ჩემო ზვიად, შენ რომ გიყვარს და მე რომ მიყვარს ეს ეროვნული პროდუქტი, უფრო მეტი უნდა გაიყიდოს და კონკურენტუნარიანი იყოს. აბა, წარმოიდგინე იმ ჰესის გამომუშავებული ენერგიით რომ არ იყოს ის გაკეთებული, დღეს გაცილებით სხვა ღირებულება ექნებოდა იმ ჯემს, პასტას, რომელსაც მე და შენ ვგულშემატკივრობთ. ისეთი კონკურენტუნარიან ფასში ვერ იქნებოდა. მე არ ვარ იმის მომხრე, აპრიორი უნდ აშენდეს ან არ უნდა აშენდეს [ჰესი]. ეკოლოგისტებს რომ დავუთმოთ ეს ქვეყანა, არაფერი არ აშენდება, ფაუნა-ფლორაში იცხოვრეთო. მეორეს მხრივ ეკონომიკა არ გვექნება", — განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ამასთან, მან ეკონომიკის მინისტრს ჰკითხა რატომ ვერ ააშენებდა ამ ჰესს სახელმწიფო, რომლის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 850 მილიონი ლარია.

დღეს, 9 მარტს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის საკითხთა გაერთიანებულ კომიტეტზე ჰესების მშენებლობის შეჩერებისთვის პეტიციას განიხილავენ. პეტიციის 10 ათასზე მეტი ხელმომწერი მოითხოვს, რომ რაჭა-ლეჩხუმში ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა შეჩერდეს.

ნამახვანიჰესის კასკადი მდინარე რიონზე უნდა აშენდეს და ორ ჰესს მოიცავს, ქვემო და ზემო ნამახვანჰესს. ორივე ჰესი ერთად 433 მგვტ სიმძლავრის იქნება. პროექტი 850 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და იგეგმება, რომ კასკადი ექსპლუატაციაში 2025-2026 წელს შევიდეს. პროექტს კომპანია ენკა რინიუებლზ ახორციელებს.

ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ ჟონეთში ოთხი თვეა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ისინი ხეობიდან კომპანიის გასვლასა და მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. ამავე დროს, ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არაა ნაჩვენები ნამახვანჰესის სიკეთეები და მეტი კომუნიკაციაა საჭირო.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, ნამახვანჰესის ხელშეკრულებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს.

EMC-ს პასუხად, ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული დასკვნა სპეკულატიური და დილეტანტურია.