აქამდე მკვლევრებს გლობალური ტექტონური აქტივობა ჩვენი მზის სისტემის გარეთ არ დაუფიქსირებიათ. თუმცა, ბერნის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით, მკვლევრებმა პლანეტა LHS 3844b-ის წიაღში მიმდინარე პროცესები შენიშნეს, რაც შესაძლოა, პლანეტაზე მასობრივ ვულკანურ ამოფრქვევებს იწვევდეს.

ტექტონური ფილები დედამიწაზე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ, მათი დამსახურებაა მთების და მიწისძვრების წარმოქმნა ისევე როგორც ციკლი, რომელსაც პლანეტის "შიგთავსი" გარეთ გამოაქვს და უკან "აბრუნებს".

"ტექტონური აქტივობის დაფიქსირება რთულია იმიტომ, რომ ის ძირითადად ატმოსფეროს მიღმა მიმდინარეობს", — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ტობიას მეიერი. თუმცა, LHS 3844b-ს სავარაუდოდ ატმოსფერო არ აქვს. ის დედამიწაზე ოდნავ დიდია და ვარსკვლავთან ისე ახლო მოძრაობს, რომ მის ერთ მხარეზე მუდამ დღეა, ხოლო მეორე მხარეს მუდამ ღამეა.

იმის გამო, რომ პლანეტას ატმოსფერო არ აქვს, მისი მზისკენ მიმართული მხარე გავარვარებულია და დღისით ზედაპირის ტემპერატურა, ალბათ, 800°C-ს აღწევს. პლანეტის მეორე მხარე კი პირიქით, გაყინულია. "ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ამხელა კონტრასტი ტემპერატურებში შესაძლოა პლანეტის შიგთავსზე მოქმედებდეს",— ამბობს მეიერი.

ამის შესამოწმებლად მკვლევრებმა რამდენიმე კომპიუტერული სიმულაცია ჩაატარეს, რომლებიც პლანეტის გარემო პირობებს ითვალისწინებდა.

სიმულაციებზე დაყრდნობით მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ პლანეტის გავარვარებულ მხარეს, მისი შიგთავსი ვულკანების მეშვეობით ამოიფრქვევა, ხოლო პლანეტის ქერქში ნივთიერებები გაყინული მხარიდან ჩაედინება. პლანეტის ერთი ნახევარსფერო ალბათ მთლიანად ვულკანებითაა დაფარული, მეორეზე კი სავარაუდოდ ერთი ვულკანიც არაა.