9 მარტს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ COVAX პლატფორმიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, ვაქცინაციის პროგრამის დაწყება მიმდინარე თვის ბოლოსაა მოსალოდნელი.

გაბუნიას ინფორმაციით, დაზუსტდა AstraZeneca-ს ვაქცინის მიღების თარიღი და მას, ისევე როგორც Pfizer-ის ვაქცინას, ქვეყანა 22 მარტის კვირაში მიიღებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ასევე, ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ინდოეთში, AstraZeneca-ს მწარმოებელ კომპანიაში ვიზიტის შესახებ. მისი თქმით, ინდოეთში მდებარე სერუმის ინსტიტუტში იწარმოება როგორც AstraZeneca, ასევე Novavax-ის ვაქცინები და საქართველო სწორედ მათ მისაღებად აწარმოებს მოლაპარაკებებს.

"ინდოეთი არის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი ვაქცინების. მათ შორის არის AstraZeneca, რომელიც იწარმოება სერუმის ინსტიტუტის მიერ. ასევე Novavax, რომელიც ასევე იქნება წარმოებული სერუმის ინსტიტუტში.

არის ინდური ვაქცინები, რომლებსაც ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ მიუღია, თუმცა მათი რეგისტრაცია და გამოყენება დაიწყო უკვე არაერთმა ქვეყანამ. მილიონობით დოზა შეიძინა მაგალითად ბრაზილიამ, ინდური წარმოების ვაქცინის გამოყენებისთვის. რა თქმა უნდა, ყველანაირ შესაძლებლობას იკვლევს საგარეო საქმეთა სამინისტრო", — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიამ განმარტა, რომ ინდოეთი მკაცრად არეგულირებს ქვეყნიდან ვაქცინების გამოტანას. მისი თქმით, სწორედ ამიტომ იყო საჭირო მაღალი დონის ვიზიტი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ჩასვლა.

გაბუნიას თქმით, გრძელდება მოლაპარაკებები სხვა მიმწოდებლებთან. მათ შორის Moderna-სა და ჩინური წარმოების ვაქცინების, Sinopharm-ისა და Sinovac-ის მწარმოებელ კომპანიებთან. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ მარტის ბოლომდე ამ ვაქცინებმა მიიღონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია.

"Sinopharm-ი უკვე აღიარებულია უნგრეთის მარეგულირებლის მიერ, ამდენად, რეალურად, ჩვენი კანონმდებლობა ამ ვაქცინის განხილვის საშუალებას გვაძლევს", — განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, უახლოეს მომავალში უფრო მეტად დაზუსტდება რომელი მწარმოებლისგან, როდის და რა რაოდენობის ვაქცინას მიიღებს საქართველო.

გაიგეთ მეტი: