ნეტფლიქსის გასული წლის გახმაურებული მინისერიალი კლავ აგრძელებს ყველა მწვერვალის დაპყრობას.

The Queen’s Gambit (ლაზიერის გამბიტი), რომელიც ჭადრაკის ფენომენალური მოთამაშის შესახებ მოგვითხრობს, სცენაზე მიუზიკლის სახით დაიდგმება: უოლტერ ტევის ამავე სახელწოდების წიგნის უფლებები კომპანია Level Forward-მა შეიძინა და მიუზიკლზე მუშაობასაც იწყებს.

ლაზიერის გამბიტი გამოგონილ პერსონაჟ ბეთ ჰარმონის ირგვლივ ვითარდება: ობოლი, რომელიც განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული. წიგნი, რომლის მიხედვითაც სერიალი გადაიღეს, 1983 წელს გამოქვეყნდა და ჭადრაკის სამყაროში მთავარი გმირის დაუჯერებელ წარმატებას აღწერს. როგორც ჩანს, სულ მალე ამ ყველაფერს მუსიკა, ცეკვა და სიმღერაც შეემატება.

უკვე მთელ მსოფლიოში აღიარებული ამ შოუს პრემიერა 2020 წლის 23 ოქტომბერს შედგა და მოულოდნელად წარმატებული პროექტი გამოდგა: ნეტფლიქსზე მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში 62 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა და ამით ამ სტრიმინგ სერვისის ყველაზე პოპულარული მინისერიალი გახდა.

მაყურებლებთან ერთად ამ დრამატულმა სატელევიზიო შოუმ მოწონება დაიმსახურა კრიტიკოსებისგანაც: სერიალი ოქროს გლობუსზე საუკეთესო მინისერიალად დასახელდა, ანია ტეილორ-ჯოი კი საუკეთესო მსახიობად.

მომავალი მიუზიკლის შესახებ ჯერჯერობით კონკრეტული დეტალები უცნობია, თუმცა იმ საინტერესო სანახაობის შემდეგ, რაც აქამდე შემოგვთავაზეს, გარანტირებული სიურპრიზების გამო ლოდინი ნამდვილად ღირს.