გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილებას მცხეთის რაიონული სასამართლო დღეს გამოაცხადებს. ამ მუხლით პროკურატურა 5 ბრალდებულს ედავება.

სასამართლო პროცესი დღეს 15:00 საათზეა ჩანიშნული.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ხუთ ადამიანს ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმა. ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძესა და არასრულწლოვნებს: ზ.ხ.-და და ა.ქ.-ს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება. კერძოდ, პროკურატურა ამბობს, რომ მათ გიორგი შაქარაშვილი სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს, რა დროსაც ის გარდაიცვალა.

გიორგი შაქარაშვილის საქმე

19 ივნისს ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა. მისი ცხედარი მდინარე არაგვში, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ბრალდებული დააკავეს, ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. თავდაპირველად, მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ამავე ძალადობაში მონაწილეობისა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე წარედგინათ. როგორც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უწყებაში განაცხადეს, საქმე გადაკვალიფიცირდა და გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გაგრძელდა.

სწორედ ექსპერტიზის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია, წყალში დახრჩობა გახდა. ამავე დასკვნის თანახმად, გარდაცვალებამდე მას მკვრივი/ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა.

გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ჩხუბში მონაწილე ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". გიორგი შაქარაშვილმა აგარაკი 5 პირთან ერთად მათ მოსვლამდე დატოვა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული 6 პირი თავს დაესხა, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი აქედან იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.