ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ ენდომებოდა, ვირჯინია ვულფივით წერდეს (და თუ არსებობს, საეჭვოა, ამ სტატიას კითხულობდეს). ვულფი ეპოქალური მოაზროვნე იყო და როგორც მწერალსა და გამომცემელს, მტკიცე შეხედულებები ჰქონდა იმაზე, თუ რა აქცევს ნაწერს დიდ ლიტერატურად (ან პირიქით, ცუდ ლიტერატურად). ჩვენდა საბედნიეროდ, ვულფის მოსაზრებები მის მრავალრიცხოვან ესეებსა და წერილებშია შემონახული.

ქვემოთ მწერლის მიერ წერის ხელობაზე შექმნილი ის ჩანაწერები და რჩევებია შეკრებილი, რომლებიც დამწყები და გამოცდილი ავტორებისთვის ერთნაირად საინტერესო იქნება.

რომანის წერა პერსონაჟით დაიწყეთ

ჩემი ღრმა რწმენით, ნებისმიერი რომანი მოპირდაპირე კუთხეში მჯდომი მოხუცი ქალით იწყება. იმის თქმა მინდა, რომ, ვფიქრობ, ნებისმიერი ნაწარმოების მიზანი პერსონაჟის შექმნაა და არა დოქტრინების ქადაგება, სიმღერების მღერა ან ბრიტანეთის იმპერიის ტრიუმფთა ზეიმი; ვფიქრობ, რომ რომანის ფორმა — მოუქნელი, სიტყვაჭარბი და არადრამატული — განვითარდა და მდიდარი, დრეკადი და სიცოცხლით სავსე გახდა (ესედან, ბატონი ბენეტი და ქალბატონი ბრაუნი, 1924 წელი).

ფოტო: Getty Images

რაც შეიძლება ბევრი იკითხეთ და საკუთარ თავზე ნუ დაწერთ

წერის ხელოვნება, ენაში არსებული ყოველი სიტყვის მსახურება, მათი წონის, ფერის, ჟღერადობის და იმ ასოციაციების ცოდნა, რაც მათ გამოთქმულზე მეტ მნიშვნელობას სძენს, გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, კითხვით ისწავლება. შეუძლებელია, ადამიანი ზედმეტად ბევრს კითხულობდეს. თუმცა, წერის ხელოვნებაში მეტად მნიშვნელოვანი და ეფექტური საკუთარი თავის სხვად წარმოდგენაა. როგორ ისწავლი წერას, თუკი მხოლოდ ერთ ადამიანზე წერ? (ესედან, წერილი ახალგაზრდა პოეტს, 1932 წელი).

მკითხველთან საერთო ენა გამონახეთ

ცხოვრებასა და ლიტერატურაში, ერთი მხრივ, მასპინძელსა და მის უცნობ სტუმარს, ხოლო, მეორე მხრივ, მწერალსა და მის უცნობ მკითხველს შორის არსებული ნაპრალის ამოვსება მეტად საჭირო რამაა. მასპინძლის გონება ამინდს უტრიალებს, ვინაიდან მასპინძელთა თაობებმა დაადგინეს, რომ ამინდი ინტერესის საყოველთაო ობიექტია. იგი საუბარს იმის აღნიშვნით იწყებს, თუ რა საზიზღარი მაისი დაგვიდგა და როცა თავის უცნობ სტუმართან საერთოს პოულობს, უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე გადადის. ლიტერატურაშიც ასე ხდება. მკითხველთან კავშირი რომ გააბას, მწერალმა მას ჯერ რაიმე ნაცნობი და, შესაბამისად, წარმოსახვის აღმძვრელი უნდა უჩვენოს; ისეთი რამ, რაც მკითხველს სურვილს გაუჩენს, შემოქმედს გაცილებით ინტიმური საკითხების განხილვაში აყვეს. უმთავრესი კი ისაა, რომ "შეხვედრის" ეს ადგილი თვალდახუჭულადაც კი ადვილად, თითქმის ინსტინქტურად იყოს მისაგნები (ესედან, ბატონი ბენეტი და ქალბატონი ბრაუნი, 1924 წელი).

სიმართლისა და მშვენიერების ძიებაში ენით თამაში ისწავლეთ

ფოტო: National Portrait Gallery, London

სიტყვები, ინგლისური სიტყვები, ბუნებრივად არიან გამოძახილებით, მოგონებებითა და ასოციაციებით სავსე. უკვე რამდენი საუკუნეა, ხალხის ტუჩებზე, სახლებში, ქუჩებსა და მინდვრებში დასეირნობენ. რთულია, დღეს მათით წერო, იმდენად არიან დატვირთული მნიშვნელობებითა და მოგონებებით, იმდენი ქორწინება გაუფორმებიათ... მაგალითად, "მეწამული" საუცხოო სიტყვაა, თუმცა ვის შეუძლია მისი გამოყენება შექსპირისეული "ურიცხვი ზღვების" მოუგონრად? უწინ, როცა ინგლისური ჯერ კიდევ ახალი ენა იყო, მწერლებს შეეძლოთ, სიტყვები გამოეგონებინათ და ეხმარათ კიდეც. დღეს ახალი სიტყვების შექმნა კვლავ მარტივი საქმეა. ისინი ბაგეებს უცხო პეიზაჟების დანახვისას თუ ჯერ განუცდელი შეგრძნებების აღქმისას სწყდებიან, თუმცა ჩვენ მათ ვერ ვიყენებთ, რადგან ენა უკვე ძველია. ძველ ენაში ახალთახალ სიტყვას ერთი აშკარა, თუმცა მაინც იდუმალი მიზეზის გამო ვერ იხმარ: სიტყვა თვითმყოფადი, განცალკევებული ორგანიზმი კი არა, სხვა სიტყვების ნაწილია. განა, სიტყვა სიტყვაა, თუკი ამასთან წინადადების წევრიც არაა? სიტყვები ერთმანეთს ეკუთვნიან, თუმცა მხოლოდ დიდმა მწერალმა თუ იცის, რომ სიტყვა "მეწამული" "ურიცხვ ზღვებს" ეკუთვნის. ახალი სიტყვების ძველთან შერწყმა წინადადებას კლავს. ახალი სიტყვების სრულყოფილად გამოსაყენებლად მავანს ახალი ენის შექმნა მოუწევდა. ამის დროც მოვა, თუმცა ამ წამს ახალ ენასთან არაფერი გვესაქმება. ჩვენი საქმე ინგლისური ენის ისეთად გამოყენებაა, როგორიც არის. როგორ შევურწყამთ ძველ სიტყვებს წინადადებათა ახალ რიგებს ისე, რომ გადარჩნენ, მშვენიერება შვან და სიმართლე იღაღადონ? საკითხავი სწორედ ეს არის (BBC-ის ეთერში წაკითხული ლექციიდან, ოსტატობა, 1937 წლის 20 აპრილი).

ჩვეულებები უარყავით

კარგი მწერლები ცდილობენ, სიცოცხლეს დაუახლოვდნენ და ყოველივე, რაც ინტერესსა და გრძნობებს აღუძრავთ, ნაწერში გულწრფელად და ზედმიწევნით შემოინახონ. საამისოდ მათ უნდა უგულებელყონ ის დამკვიდრებული ფორმები, რომლებსაც ნოველისტები ხშირად იყენებენ. დაე, ისეთი თანმიმდევრობით აღვწეროთ ატომები, როგორითაც ისინი ჩვენს გონებაში ცვივიან და თითი გავაყოლოთ ყოველი სიახლისა და შემთხვევის მიერ ცნობიერებაზე დატოვებულ ნაკვალევს — რარიგ უწესრიგო და უთავბოლოც უნდა მოჩანდეს იგი. დაე, დავაფასოთ, რომ სიცოცხლე რაღაც დიდში მეტი სისავსით განსახიერდება, ვიდრე რაღაც პატარაში (ესედან, თანამედროვე პროზა).

სამყაროს შესაცნობად რიტმი გამოიყენეთ

ფოტო: Alamy

მთელი გამბედაობა მოიკრიბეთ, ყურადღება დაძაბეთ და იმ ძღვენს მოუხმეთ, ბუნებამ რომ გიბოძათ. რიტმის შეგრძნებას გაჰყევით და მასთან ერთად იქროლეთ ქალებსა და კაცებს, ავტობუსებსა და ბეღურებს, იმ ყველაფერს შორის, ქუჩაში რასაც გადააწყდებით, მანამ, სანამ ის ყოველივეს ერთ ჰარმონიულ მთლიანობად არ აქცევს. ალბათ, სწორედ ესაა მწერლის ამოცანა: ისეთ საგნებს შორის გააბას კავშირი, თითქოს რომ არაფერი აქვთ საერთო, თუმცა მაინც უცნაურად ჰგვანან ერთმანეთს; გზად შემხვედრი ყოველი გამოცდილება უშიშრად შთანთქას და ერთიანად მოიცვას, რათა მისი ლექსი მთელი იყოს და არა ნაგლეჯი; ადამიანური ყოფა პოეზიად გადაიაზროს; გვიჩვენოს ტრაგედია და კომედია, თუმცა, გაწელილად კი არა, როგორც ნოველისტებს სჩვევიათ, არამედ ისე სხარტად, პოეტს რომ შეშვენის. აი, რას ველით თქვენგან. თუმცა, ვერ გეტყვით, რიტმში ან ცხოვრებაში რას მოვიაზრებ და არც ის ვიცი, რომელი საგნები ერწყმიან ერთმანეთს სათანადოდ ლექსში. ეს თქვენი საქმეა. ვინაიდან, დაქტილს იამბიკოსაგან ვერ ვარჩევ, ვერც იმას გასწავლით, თქვენი უჩვეულო, უძველესი ხელოვნების რიტუალები და ცერემონიები როგორ გარდაქმნათ და გააფართოოთ. ამიტომაც უსაფრთხო გზას ვარჩევ და კვლავ წიგნებზე საუბარს მივუბრუნდები (ესედან, წერილი ახალგაზრდა პოეტს, 1932 წელი).

მეთოდოლოგია დაივიწყეთ და საკუთარი ხერხებით იმუშავეთ

სამუშაო მეთოდების შესწავლისგან თავის შორს დაჭერა მცდარი მიდგომაა. ნებისმიერი და ყველა მეთოდი სწორი მეთოდია, თუკი მწერალს სათქმელის გადმოცემაში ეხმარება და მკითხველს შემოქმედის ჩანაფიქრთან აახლოებს. შეზღუდვები უსარგებლოა და ყველა მეთოდი თუ თავზეხელაღებული ექსპერიმენტი დასაშვებია — სიყალბისა და თვალთმაქცობისაგან განსხვავებით. "პროზის შესაბამისი ობიექტი" არ არსებობს. პროზას ნებისმიერი ობიექტი შეესაბამება — ყოველი გრძნობა და ფიქრი, სხეულისა და სულის ყოველი თვისება. პროზაში ყოველგვარი ხედვა ღირებულია (ესედან, თანამედროვე პროზა).

თავს მეტისმეტად სერიოზულად ნუ აღიქვამთ

ფოტო: Alamy

ისტორიაში პირველად, ლიტერატურას მკითხველი ჰყავს. ბიზნესით, სპორტით, ბაბუების მოვლითა და დახლებს მიღმა ფუთების შეკვრით დაკავებული ადამიანები წიგნებს კითხულობენ და სურთ, ვინმემ უთხრას, რა და როგორ წაიკითხონ. ამიტომაც, მასწავლებლებმა: რეცენზენტებმა, ლექტორებმა თუ რადიოწამყვანებმა მათ კითხვის პროცესი აუცილებლად უნდა გაუმარტივონ; უნდა დაარწმუნონ ისინი, რომ ლიტერატურა შმაგი და ამაღელვებელია, რომ იგი გმირებითა და ავისმქმნელებით, მუდმივ ბრძოლაში ჩართული მეტოქეებით, ძვლებით დაფარული მინდვრებით და სიკვდილთან შესახვედრად მიმავალი, შავ ლაბადაში გახვეული, თეთრ ცხენზე ამხედრებული მარტოხელა გამარჯვებულებითაა სავსე.

უეცრად, თოფი გავარდა. "რომანტიზმის ხანა დასრულდა და რეალიზმის დრო დადგაო", ხომ გსმენიათ. თუმცა მწერლებმა მშვენივრად უწყიან, რომ ამ ყველაფერში სიმართლის მარცვალიც არ ურევია. ბრძოლებიც გამოგონილია, მკვლელობებიც, მარცხებიცა და გამარჯვებებიც. თუმცა, ვინაიდან მკითხველის გართობა ყველაზე მაღლა დგას, მწერლები ნებდებიან. ნიღბებს ირგებენ და თავიანთ როლებს თამაშობენ. თუკი ერთი წამყვანია, მეორე უკან მისდევს. თუკი ერთი რომანტიკოსია, მეორე რეალისტია. ერთი პროგრესულია, მეორე კი ძველმოდური. ამაში ცუდი არაფერია, როცა საქმე ხუმრობის საზღვრებს არ სცდება, მაგრამ თუკი ყოველივეს ირწმუნებთ — დაიჯერებთ, რომ ან წამყვანი ხართ, ან თანმდევი; ან პროგრესული ხართ, ანდაც კონსერვატორი, საკუთარი მნიშვნელობით შეპყრობილ ისეთ პატარა ცხოველს დაემსგავსებით, ირგვლივ რომ ყველას კბენს და კაწრავს, მისი ნაშრომი კი არაფრად არ ღირს. სცადეთ, თქვენი თავი გაცილებით თავმდაბალ, ნაკლებად შესანიშნავ არსებად აღიქვათ, რაც, ჩემს თვალში, გაცილებით საინტერესოა: ესაა პოეტი, რომელშიც წარსულის პოეტები სახლობენ და რომელიც მომავალში ახალ პოეტებს შობს. თქვენში იცოცხლებს რაღაც ჩოსერისეული და შექსპირისეული, დრაიდენისეული, პოუპისა და ტენისონისეული — თუკი თქვენი წინაპრებიდან მხოლოდ ღირსეულებს ჩამოვთვლით. ისინი თქვენს სისხლში დუღან და ხან მარცხნივ მიაქვთ თქვენი კალამი, ხანაც მარჯვნივ. მოკლედ, უაღრესად ასაკოვანი, ჩახლართული და უწყვეტი პიროვნება ბრძანდებით, ამიტომაც თავს პატივი ეცით და კარგად დაფიქრდით, სანამ გაი ფოქსის სამოსს მოირგებთ და ქუჩის კუთხეებში მშიშარა მოხუცებს დააფრთხობთ, მოკვლით დაემუქრებით და ორი კაპიკისთვის დააყაჩაღებთ (ესედან, წერილი ახალგაზრდა პოეტს, 1932 წელი).

ფოტო: Hulton Archive / Getty Images

თუმცა, თავად ლიტერატურას სერიოზულად მიუდექით

ინგლისში რომანი ხელოვნების ნიმუშად არ აღიქმება. ჯერ არაფერი შექმნილა ისეთი, რომელიც ამ სამეულს — ომი და მშვიდობა, ძმები კარამაზოვები და დაკარგული დროის ძიებაში — გვერდზე დაუდგებოდეს. მართალია, ამ ფაქტს ვეგუებით, თუმცა მის გამომწვევ მიზეზს მაინც უნდა გავუსწოროთ თვალი. საფრანგეთსა და რუსეთში პროზას ძალიან სერიოზულად აღიქვამენ. ფლობერი თვეობით ეძებდა ფრაზას, რომლითაც კომბოსტოს აღწერდა, ტოლსტოიმ კი შვიდჯერ გადაწერა ომი და მშვიდობა. მათი დიდებულება მათივე თავდაუზოგავი გარჯისა და იმ სიმკაცრის შედეგიცაა, რომლითაც განისჯებოდნენ.

ინგლისელი კრიტიკოსები რომ ნაკლებად შინაურები იყვნენ, ნაკლებად ცდილობდნენ, დაიცვან ის, რასაც ცხოვრების ჩვეულ წესად მიიჩნევენ, ალბათ მწერალიც უფრო გამბედავი იქნებოდა. იგი თავს დააღწევდა ჩაის მაგიდასთან უსასრულოდ ჯდომასა და გონივრულ თუ აბსურდულ ფორმულებს, რომლებსაც ადამიანური თავგადასავლების მთელი სისრულით გადმოცემის უნარი მიეწერება. მაგრამ მაშინ ხომ შეიძლება, რომ ამბავმა მოიკოჭლოს, სიუჟეტი ჩამოინგრეს, პერსონაჟები განადგურდნენ. მოკლედ, სწორედ ასე შეიძლება, რომანი ხელოვნების ნიმუშად გადაიქცეს (ესედან, პროზის ხელოვნება, რომელიც ედუარდ მორგან ფორსტერის რომანის მახასიათებლების საპასუხოდ დაიწერა, 1927 წელი).

გამოქვეყნებას ნუ იჩქარებთ

ღვთის გულისათვის, ოცდაათ წლამდე ნურაფერს გამოაქვეყნებთ.

დარწმუნებული ვარ, რომ ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩემ მიერ წაკითხული ლექსების ნაკლოვანებათა უმრავლესობა იმით შეიძლება აიხსნას, რომ მათ დღის სინათლე ძალიან ადრე, ისეთ დროს იხილეს, როცა ამის ძალა ჯერ არ შესწევდათ. ნაადრეობამ ისინი ჩამოახმო და ემოციურად და სიტყვიერადაც ჩონჩხებს მიამგვანა, რაც ახალგაზრდობის თვისება არასოდეს უნდა იყოს. პოეტი კარგად წერს და მისი სამიზნე გონიერი მკითხველის მახვილი თვალია. თუმცა, აბა დაფიქრდით, რამდენად უკეთ დაწერდა იგი ათ წელიწადში, როცა მხოლოდ საკუთარი თავი ეყოლებოდა მიზანში ამოღებული! ოციდან ოცდაათ წლამდე ადამიანს ხომ სულიერი მღელვარების წლები უდგას. წვიმის წკაპუნი, ფრთების შრიალი თუ ქუჩაში ჩავლილი უცნობი — ამ ყოფით ხმებსა და სურათებს ძალუძთ, ადამიანი მეცხრე ციდან მწუხარების უფსკრულში გადაისროლონ. თუკი ნამდვილი ცხოვრება ამდენად რადიკალურია, წარმოსახვითი ყოფაც მას უნდა ირეკლავდეს. სანამ ახალგაზრდები ხართ, წერეთ და ფურცლების მთელი დასტა გაავსეთ სისულელეებით. იმასხარავეთ და სენტიმენტალურებიც იყავით. მიბაძეთ შელისა და სემუელ სმაილსს. თავი მიანდეთ ნებისმიერ იმპულსს. წერის ყოველგვარი სტილი, გრამატიკა და სინტაქსი მოსინჯეთ. გადმოიღვარეთ. წაბორძიკდით. ნებისმიერი სიტყვით მიეცით გზა ბრაზს, სიყვარულსა და სატირას. მოიპოვეთ ან შექმენით რაღაც ახალი როგორი მეტრით, პროზით, პოეზიითა თუ აბდაუბდითაც გაგიხარდებათ. ასე წერას ისწავლით, თუმცა თუკი თქვენს ნაწერს გამოაქვეყნებთ, თავისუფლებას დაკარგავთ. ხალხის აზრზე დაიწყებთ ფიქრს და სხვებისთვის დაწერთ, როცა მხოლოდ საკუთარი თავისთვის უნდა წერდეთ.

ფოტო: Alamy

განა, რა მიზანი აქვს უეცარი ბოდვის იმ ველური ნაკადის მოთვინიერებას, რომლითაც დაჯილდოებული მხოლოდ ახლა, რამდენიმე წელი იქნებით, მარტო იმისთვის, რომ ექსპერიმენტული ლექსების უწესრიგო, პაწაწინა კრებულები გამოაქვეყნოთ. ფულის შოვნა? ორივემ ვიცით, რომ ასე არაა. კრიტიკის მიღება? მეგობრები ხომ გაცილებით მეტი სიმწრითა და გულმოდგინებით გააკრიტიკებენ თქვენს ნაწერს, ვიდრე ამას ნებისმიერი რეცენზენტი იზამს. და თუკი თქვენი მიზანი სახელის გათქმაა, გევედრებით, ნახეთ, როგორი მოსაწყენები არიან სახელგანთქმული ადამიანები. დააკვირდით მათ პომპეზურობასა და წინასწარმეტყველურ აურას. გაიაზრეთ, რომ უდიდეს პოეტები ანონიმურობას არჩევდნენ. იმაზე იფიქრეთ, როგორ არ ადარდებდა შექსპირს პოპულარობა და როგორ გადაუძახა ჯონ დონმა თავის ლექსებს სანაგვე ყუთში. შეგიძლიათ, ესე დამიწეროთ თანამედროვე ინგლისელ მწერალზე, რომელიც იმ მიმდევრებსა და თაყვანისმცემლებს, ავტოგრაფის მთხოვნელებსა და ჟურნალისტებს, სადილებსა და სასაუზმე წვეულებებს, ზეიმებსა და წლისთავებს გადაურჩა, რომელთა მეშვეობითაც ინგლისის საზოგადოება ასე წარმატებით ახერხებს საკუთარი მომღერლების დადუმებას და მათთვის სიმღერის შეწყვეტინებას? (ესედან, წერილი ახალგაზრდა პოეტს, 1932 წელი).

დაბოლოს, საკუთარი ოთახი იქონიეთ

ფრაზა, ქალები და პროზა, შეიძლება მიემართებოდეს იმას, თუ როგორები არიან ქალები; ან იმას, თუ როგორ პროზას წერენ ისინი; ან იმას, თუ როგორ პროზას წერენ მათზე; ანდაც იმას, თუ როგორ მტკიცედაა ეს სამივე გაგება ერთმანეთში გადახლართული და თქვენ გსურთ, სწორედ ამაზე ვისაუბრო. თუმცა, როცა ამ უკანასკნელზე — ყველაზე საინტერესო საკითხად რომ მოჩანდა — ლაპარაკს ვიწყებ, ვამჩნევ, რომ მას საბედისწერო ნაკლი აქვს. მე აქ ვერასოდეს ვერაფერს დავასკვნი. ვერასოდეს შევასრულებ ლექტორის უმთავრეს მოვალეობას, ერთსაათიანი განსჯის შემდგომ წყალგაუვალი ჭეშმარიტების მარცვალი მოგაწოდოთ, რათა იმ წიგნაკების ფურცლებში ჩაინიშნოთ, სამუდამოდ რომ გამოდებთ თაროებზე. მე მხოლოდ ის შემიძლია, ერთ უმნიშვნელო საკითხზე ჩემი მოსაზრება შემოგთავაზოთ: იმისთვის, რომ ქალმა მხატვრული ლიტერატურის შექმნა შეძლოს, საკუთარი ფული და ოთახი უნდა ჰქონდეს; ეს კი, როგორც თავადაც ხედავთ, ქალისა და მხატვრული ლიტერატურის ნამდვილ ბუნებაზე დასმულ დიდ შეკითხვას პასუხს არ სცემს. მე ამ თემაზე დასკვნის გაკეთების ვალდებულებას თავს ვარიდებ და, ჩემთვის მაინც, ქალებისა და პროზის საიდუმლო ამოუხსნელი რჩება (რომანიდან, საკუთარი ოთახი, 1929 წელი).