Burger King-მა ქალთა დღეს პროვოკაციული ტვიტით ახალი კამპანიის დაანონსება სცადა, თუმცა, არც ისე კარგად გამოუვიდა, როგორც სავარაუდოდ მარკეტინგის გუნდს ჰქონდა დაგეგმილი. დღეს, 8 მარტს, როდესაც მსოფლიო ქალთა დაცვის დღეს აღნიშნავს, რესტორნის ბრიტანულ ტვიტერზე ცნობილი სექსისტური ფრაზა გამოქვეყნდა:

"ქალების ადგილი სამზარეულოშია".

ამ ტვიტის რიფლაიში კი ბურგერ კინგმა კამპანიის შესახებაც განაცხადა:

"იმ შემთხვევაში, თუ ეს თავადაც სურთ. ჯერჯერობით მზარეულების მხოლოდ 20%-ია ქალი და ჩვენი მისიაა, რომ რესტორნების ინდუსტრიაში ქალი თანამშრომლები გავაძლიეროთ და მოვიზიდოთ. ამასთან ერთად, კი მივცეთ შესაძლებლობა, რომ კარიერა კულინარიაშიც განაგრძონ".

"სიამაყით გაცნობებთ, რომ ახალი სასტიპენდიო პროგრამა გვაქვს, რომლებიც ბურგერ კინგის ქალ თანამშრომლებს კულინარიული ოცნებების ასრულებაში დაეხმარება!"

სულ მალე კი რესტორანის ტვიტერი ქალების საპასუხო გზავნილებით "დაიბომბა".

"მტკიცებულება, რომ ეს ორი ტვიტი ერთ პოსტშიც ჩაეტეოდა. ნუ იყენებ სექსიზმს კლიკბეიტად. ეს ზიანის მომტანია".

We are proud to be launching a new scholarship programme which will help female Burger King employees pursue their culinary dreams!

"მადლობა, თქვენს რესტორანში აღარასდროს შევჭამ".

"ყურადღების მისაპყრობად უკეთესი გზებიც არსებობს, ვიდრე ყველაზე სექსისტური ფრაზით კამპანიის აგორებაა".

"ვეხმაურები ბურგერ კინგს. ის რაც ქალების გასაძლიერებელი ტვიტი უნდა ყოფილიყო, სრული სისულელე აღმოჩნდა, რადგან არ შეუძლიათ კაცების გამოგონილი მოძველებული ხუმრობის შეწყვეტა. სხვათა შორის, ქალთა დღეს გილოცავთ".

"რა უცნაური ტვიტია, ამას როგორ დათანხმდით?!"

ბურგერ კინგს KFC-ის ერთ-ერთი ანგარიშიდანაც გამოეხმაურნენ:

"ამ ტვიტის წასაშლელად საუკეთესო დრო დაპოსტვიდან რამდენიმე წამი იყო. მეორე საუკეთესო დროს კი ახლა უშვებ ხელიდან".

თუმცა, როგორც ტვიტერის ანგარიშიდან გაცემული პასუხებიდან ჩანს, ბურგერ კინგი თავისი საკამათო ტვიტის წაშლას არ აპირებს. როგორც Fast Company წერს, სწრაფი კვების ობიექტის ბრიტანული ანგარიშის ტვიტი ამერიკული რეკლამის პროტოტიპია, რომელიც The New York Times-მაც დაბეჭდა. თუმცა ამ შემთხვევაში რეკლამის კონტექსტი ერთ სივრცეშია მოცემული და სექსისტური დატვირთვაც არ აქვს. რეკლამა ბურგერ კინგის ამერიკული ოფისის მარკეტინგის ხელმძღვანელმა შემდეგი ტექსტით გამოაქვეყნა:

"ამერიკაში მზარეულების პოზიციაზე ქალების მხოლოდ 24%-ია წარმოდგენილი. სწორედ ამიტომ იწყებს ბურგერ კინგი კულინარიის სფეროში სასტიპენდიო პროგრამას, რომ ლიდერის პოზიციაზე მეტი ქალები გვყავდნენ. ქალების ადგილი იმ შემთხვევაშია სამზარეულოში, თუ იქ მუშაობა თავად სურთ. და იმედია, წამყვან პოზიციებზე".