ქართული ოცნების დეპუტატი, კახა კუჭავა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გამოძიება ფარულ მიყურადებაზე უნდა დაიწყოს. თუმცა, გამოძიების დაწყების შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პრემიერმინისტრის თანამდებობის დატოვების საფუძველს ვერ ხედავს.

"ჩვენ ვსაუბრობთ ფარულ ჩანაწერებზე, ჩვენ გუნდში ვერ ნახავთ ვერავის, ვინ შეიძლება მოიწონოს მიყურადება, ან ფარული ჩანაწერები და ყოვლად მიუღებელია და შინაარსის განხილვაც არ არის სწორი.

ჩემი გადასაწყვეტი არ არის, გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა, ეს პროკურატურის საქმეა. პირადად ჩემი აზრია, რომ გამოძიება დაიწყოს, თუ როდის იყო მიყურადება და რაც მთავარია, მკაცრად უნდა დაისაჯოს. სხვა შემთხვევებიც ყოფილა, როცა გამოძიება დაწყებულა, მაგრამ უჭირთ გასვლა, ვინც აკეთებს ამას. ჩვენ ვიცით, როდის მოხდა, მაგრამ უნდა დადასტურდეს.

გვქონდა საუბარი ირაკლი ღარიბაშვილთან და ეს არის ძველი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ჩანაწერი, რომლის ფაბრიკაციაც შეიძლება მომხდარიყო", — განაცხადა კუჭავამ რუსთავი 2-თან.

TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

ჩანაწერებს ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერი გამოეხმაურა. მაგალითად, პარტიის აღმასრულებელმა მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, ჩანაწერები 2010 წლისაა და "ფაბრიკაციაა". მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ "2011 წელს არის გაკეთებული ჩაწერები, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული".

ამ დროისთვის უცნობია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები. ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერმა ჯერ კიდევ გადაცემის ანონსის შემდეგ თქვა, რომ ეს არის "ფაბრიკაცია" და "შეკოწიწებული". თავდაპირველად ჩანაწერის გაკეთების თარიღად მათ 2011 წელი დაასახელეს, შემდეგ კი — 2010. ჩანაწერებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ ისმის სავარაუდო ძალადობისა და მომავალი ძალადობის გეგმების შესახებ. კომენტარები არ გაუკეთებიათ არც პრემიერმინისტრ ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს.

ჩანაწერების გავრცელების შემდეგ რამდენიმე მუსიკოსმა და მოქალაქემ განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილზე არასასურველი კომენტარისა და განცხადებების გამო, მათ ემუქრებოდნენ.