საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ჭყონიდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. ასე უპასუხა მან კითხვას, რამდენად სწორი საქციელი იყო, როცა ხალხის დაშავების შემდეგ მიტროპოლიტი სტეფანე მღვდელმსახურებას აგრძელებდა. მან თქვა:

"იცით რა, დავიწყოთ თავიდან და იმას მივყვეთ ხომ. თქვენ მე ჯერ მიპასუხეთ, რამდენად ამართლებთ, როდესაც დახურულ სვირცეში მიმდინარეობს კრება, ეს არის საკუთრება, რომელშიც არ აქვს უფლება ნებართვის გარეშე შესვლისა და კრებას კარებს უმტვრევენ და ცდილობენ შესვლას. აქედან დავიწყოთ, რამდენად მიგაჩნიათ თქვენ ეს სწორად?

ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს. ამას ვამბობ ძალიან ბევრი მღვდელმთავრის სახელით, რომელიც გვიკავშირდებოდნენ ჩვენ. გვიანობამდე ვერ გავაკეთეთ განცხადება, იმიტომ, რომ დაზუსტება გვინდოდა დეტალების. მეტ-ნაკლებად ცნობილი არის, ხვალ უფრო მეტი სიცხადე შევა", — განაცხადა მან.

რაც შეეხება განვითარებულ მოვლენებს, ჯაღმაიძემ ამას შეჭრის მცდელობა და "გაუგონარი თავხედობა" უწოდა. მისი თქმით, მრევლის პროტესტი არ ამართლებს იმას, რომ ეპარქიის შენობაში დახურულ სხდომაზე ვინმე შეიჭრას.

დაშავებულ ჟურნალისტებზე საუბრისას კი მან განაცხადა, რომ ეს ცუდია, მაგრამ ჟურნალისტები აივანზე საერთოდ არ უნდა ყოფილიყვნენ.

"ძალიან სამწუხარო ფაქტია და ვუსურვებ მათ გამოჯანმრთელებას. თუმცა ეს არის ერთი მხარე, მეორე მხარე არის, რაც მე ვთქვი", — განაცხადა მან.

დღეს, 8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში მეორე სართულის აივანზე მოაჯირის ჩანგრევის შედეგად 10-მდე ადამიანი გადავარდა. არიან დაშავებულები, მათ შორის, ჟურნალისტებიც. დაშავებულებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ.

გარდა ამისა, ეპარქიაში ერთ-ერთი სასულიერო პირი მთავარი არხის ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურად შეეხო.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა მარტვილის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას მეუფე სტეფანეს აკისრებს. როგორც ის აცხადებს, "შენს რეზიდენციაში, როცა შენ ხარ მასპინძელი, ადამიანები 4-5 მეტრის სიმაღლიდან რომ გადაცვივდებიან, მთელი პასუხიმგებლობა შენზეა". თუმცა, მიტროპოლიტმა სტეფანემ დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად "გალობა" დაიწყო.

ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე შსს-მს გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში On.ge-ს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.